შავ ზღვაში შეტევა იყო ტანკერზე Midvolga-2, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მიჰქონდა მზესუმზირის ზეთი. ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს იუწყება თურქეთის მთავარი საზღვაო სააგენტო.
Midvolga-2 რუსეთის დროშით მცურავი ტანკერია. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” ცნობით, გემის მფლობელია სანაოსნო კომპანია „სრედნევოლჟსკაია”, რომელიც მოსკოვშია რეგისტრირებული.
სოციალურ ქსელ X-ში თურქეთის საზღვაო სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავდასხმა თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 130 კილომეტრში მოხდა და ტანკერმა, რომლის ეკიპაჟის 13 წევრი არ დაშავებულა, თავისივე ძრავების გამოყენებით გეზი აიღო თურქეთის პორტ სინოპისკენ.
ვისი და რა საშუალებებით იყო თავდასხმა, თურქეთის საზღვაო სააგენტო არ აკონკრეტებს.
განახლება: რუსეთის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში „ტასს“ განუცხადეს, რომ Midvolga-2-ზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო, რის შესახებაც შეტყობინება დილის რვა საათისთვის მიიღეს. სააგენტოს თანახმად, ტანკერი უმნიშვნელოდაა დაზიანებული.
რადიო თავისუფლებამ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართა იმის გასარკვევად, რა იციან ამ ტანკერის შესახებ. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
შავ ზღვაში და მისი აკვატორიიდან დრონებს, უეკიპაჟო კატერებს და რაკეტებს ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ უკრაინა და რუსეთი.
28 ნოემბერს შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან თავდასხმა იყო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებად მიჩნეულ, გამბიის დროშით მცურავ ორ ტანკერზე, რომლებიც ნოვოროსიისკენ მიემართებოდნენ.
უკრაინული მედიასაშუალებები უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ თავდასხმა უკრაინამ განახორციელა საზღვაო დრონებით Sea Baby.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმას გაუმართლებელი უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტების გამო ყველა მხარეს შესაბამის გაფრთხილებას უგზავნიან.
„ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეულია სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცირავი ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ მოქმედი საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით. დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულია რამდენიმე ასეული ასეთი გემი.




