ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოულოდნელი განცხადება სომეხთა გენოციდის „აღიარების“ შესახებ სამშაბათს, 26 აგვისტოს, გააკეთა ამერიკელ ბიზნესმენთან, პატრიკ ბეტ-დეივიდთან პოდკასტში.
როდესაც ბეტ-დევიდმა მას ჰკითხა, თუ რატომ არასოდეს უღიარებია ისრაელს სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიის მიერ, მან უპასუხა:
„სიმართლე გითხრათ, ვაღიარეთ. რადგან, ვფიქრობ, ქნესეთმა [ისრაელის პარლამენტმა] ამ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ არ უღიარებია უშუალოდ მას, პრემიერ-მინისტრს, ნეთანიაჰუმ უპასუხა:
„აი, ამწუთას ვაღიარე“.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 აგვისტოს განცხადებით ნეთანიაჰუ დაადანაშაულა „წარსულის ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების“ მცდელობაში.
„ამჟამად, პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდში მონაწილეობისთვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ნეთანიაჰუ ცდილობს, დაფაროს საკუთარი თავისა და მისი მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულები“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ ვგმობთ და უარვყოფთ ამ შენიშვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ისტორიულ და სამართლებრივ ფაქტებს“, – განაცხადა სამინისტრომ.
სომეხთა გენოციდი 2021 წელს აღიარა აშშ-ის სენატმაც. თურქეთი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები მრავალი სომეხი დაიღუპა, მაგრამ აცხადებს, რომ მათი რიცხვი საკამათოა და უარყოფს, რომ ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, ისრაელის სხვადასხვა შემადგენლობის მთავრობა გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა სომხების გენოციდის აღიარებას, რადგან ეს ისრაელის აწ უკვე ყოფილ უსაფრთხოების პარტნიორს, თურქეთს, გაანაწყენებდა.
თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები „სტაბილურად უარესდება“. ეს ურთიერთობები ამჟამად კვლავ დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს ღაზაში ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის პირობებში.
სომხეთის მთავრობას განსაკუთრებული ყურადღება არ გაუმახვილებია ნეთანიაჰუს ამ განცხადებაზე.
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმდინარე წლის მარტში გაკეთებული განცხადების თანახმად, სომხეთის მთავრობა არ შეეცდება, რომ მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანომ აღიაროს გენოციდი.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმადვე, მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა მრავალი უცხო ქვეყნის პარლამენტების მიერ უკვე მიღებული შესაბამისი რეზოლუციების საჭიროება და თქვა, რომ ეს პროცესი „ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას“.
ფაშინიანის პოზიცია დაგმეს მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა და სომხური დიასპორის ჯგუფებმა, – რომლებიც დიდი ხანია დგანან გენოციდის აღიარების კამპანიის წინა ხაზზე. ისინი ფაშინიანს „გენოციდის უარყოფაში“ სდებენ ბრალს.
ამასთან, გენოციდის საკითხი ერთ-ერთია, რის გამოც სომხეთის ეკლესიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის მზარდი უთანხმოება არსებობს.
ფორუმი
