თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად Amazon-ის ყოფილი მთავარი ეკონომისტი დაინიშნა- Anadolu

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე ფატიჰ კარაჰანი მარეგულირებლის ახალ ხელმძღვანელად მას შემდეგ დანიშნა, რაც ჰაფიზე გაიე ერქანი გადადგა. ამის შესახებ Anadolu იუწყება.
კარაჰანი 1982 წელს ქალაქ ესკისეჰირში დაიბადა. მან ეკონომიკაში მაგისტრის და დოქტორის ხარისხიები -ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო. მუშაობდა ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში, იყო მოწვეული პროფესორი კოლუმბიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში და Amazon-ის მთავარი ეკონომისტი. 2023 წლის ზაფხულში კი თურქეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
ჰაფიზე გაიე ერქანმა ერდოღანს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით 2 თებერვალს მიმართა.
„როგორც საზოგადოებამ იცის, ბოლო დროს, ჩემს წინააღმდეგ, ჩემი რეპუტაციის შელახვის მიზნით, ფართომასშტაბიანი კამპანია აგორდა. იმისათვის, რომ ჩემი ოჯახი და ჩემი შვილი, რომელიც ჯერ კიდევ არაა წელიწად ნახევრის ამ პროცესებით კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდნენ, მივმართე ბატონ პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით“, – დაწერა ერქანმა X-ზე.
მან აღნიშნა, რომ იგი თავის მოვალეობას დაუღალავად ასრულებდა, როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, რის წყალობითაც ეკონომიკურმა პროგრამამ შედეგების გამომუშავება დაიწყო, რაც რეზერვებისა და ინფლაციის მაჩვენებლების ზრდაზე აისახა.
ერქანის დანიშვნის დროს (ის თურქეთის ცენტრალურ ბანკის ხელმძღვანელი 2023 წლის ივნისში გახდა და პირველი ქალი იყო ამ თანამდებობაზე), ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი მხოლოდ 8,5% იყო, მარეგულირებელმა მისი გაზრდა შემდგომში დაიწყო. 2024 წლის იანვრის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ მერვედ გაიზარდა და 45%-ს მიაღწია, რაც 21 წლის მაქსიმუმია. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ უკვე მიაღწია იმ დონეს, რაც საჭიროა ინფლაციის შესამცირებლად.
იანვრის შუა რიცხვებისთვის თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა – კურსმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 30 ლირას დოლარზე. თურქეთში ინფლაცია 2023 წლის დეკემბერში, ნოემბრის 62%-დან, 64,8%-მდე გაიზარდა.