,,თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ჩვენი ინტეგრაციის ბედი გაყინული დარჩა, დიდ გავლენას მოახდენს ქართველების თურქეთში დასაქმებაზე“- გიორგი ანთაძე

ევროკომისიის მიერ მომზადებული და ევროკავშირის წევრებისთვის გაგზავნილი დოკუმენტით ირკვევა, რომ თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ვიზის მიღება გაუმარტივდებათ.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, თურქეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ადრე ვიზა მიღებული აქვთ, რეგულარულად მოგზაურობენ და სამშობლოში დარღვევების გარეშე ბრუნდებიან, მრავალჯერადი და გრძელვადიანი ვიზის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. ეს ჯერ 6-თვიანი, შემდეგ 1 და 2-წლიანი, მოგვიანებით კი 3 და 5-წლიანი ვიზა იქნება.
თურქეთის ვაჭრობის მინისტრის, ომერ ბოლატის ინფორმაციით, სავიზო ბარიერის მოხსნაზე მუშაობის პარალელურად ანკარა, ასევე, ევროკავშირში ტურიზმის, ვაჭრობის, ტრანსპორტის ან განათლების მიზნით მიმავალი თურქეთის მოქალაქეებისთვის პირობების შემსუბუქებას მოითხოვს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი განაცხადა, რომ თურქეთი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის მზად არის.
„ჯეოქეისის“ მკვლევრის, გიორგი ანთაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს უკვე სამი ათწლეულია კანდიდატის სტატუსი აქვს, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კვლავ მრავალშრიან და წინააღმდეგობებით სავსე პროცესად რჩება.
გეოპოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, არადემოკრატიული სისტემის პირობებში თურქეთის ინტეგრაცია ნაკლებად რეალისტურად განიხილება – მით უფრო, როცა ევროკავშირი მსგავსი კრიტერიუმებით სხვა კანდიდატ ქვეყნებსაც აფასებს.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თურქეთის ურთიერთობა ევროკავშირთან მიუხედავად იმისა, რომ 1995 წლიდან კანდიდატის სტატუსი აქვს, ძალიან ბევრ შრიანია. თურქეთს ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება მოუწევს იმისათვის, რათა ევროკავშირის წევრობა რეალობად იქცეს.
დემოკრატიის გამყარების კუთხით თურქეთს უზარმაზარი უკუსვლა აქვს, შესაბამისად, ამ ყველაფრის იმ სტანდარტზე ატანა, რასაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად არის საჭირო, უახლოეს პერიოდში ვერ მოხერხდება, მით უფრო, რომ იმ რეალობაში, რაც ერდოღანის მმართველობის პირობებში შეიქმნა.
გამოვრიცხავ ევროკავშირის მხრიდან რაიმე სახის პოლიტიკურ ნებას, რადგან ეს ორმაგი სტანდარტი იქნება. მაშინ, საქართველოსგან რას ითხოვენ? ფაქტობრივად, იგივე ავტორიტარული სისტემაა.
მათი დაახლოება სიტუაციის გეოპოლიტიკური რეგულირების შედეგი მგონია, არის პერსპექტივა, მაგრამ არა ისეთი სისტემის შემთხვევაში, რომელიც თურქეთში დღეს არის. ევროკავშირში შეცვლა ცხოვრების ყველა დონეზე რეფორმების გატარებას გულისხმობს, შეუძლებელია ამის შემდეგ თურქეთი ისევ ისეთი ქვეყანა იყოს, როგორიც დღეს არის, ეს არც მმართველი ძალის ინტერესებშია“,- აღნიშნავს ანთაძე „კომერსანტისთვის“ მოცემულ ინტერვიუში.
საქართველოს მოქალაქეები, როგორც მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, თურქეთში რიგი შეღავათებით სარგებლობენ. მაგალითად, სამსუნში, ორდუში, ტრაბზონში და რიზეში სეზონური დასაქმება სამუშაო ნებართვის გარეშე შეუძლიათ.
ასევე, 2024 წლიდან შემცირდა საქმის წარმოების დრო; IT, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განახლებადი ენერგიის სფეროებში დასაქმებულთათვის და მათთვის სამუშაო ნებართვის მოპოვება ბევრად გამარტივდა.
ანთაძის თქმით, თუ თურქეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა საქართველოზე ადრე გახდება, ჩვენი მოქალაქეებისთვის არსებული დასაქმების შეღავათები შეიცვლება და ევროკავშირის ზოგად პოლიტიკას მოერგება.
„თუ ამ ეტაპზე საქართველოს ბედი გაყინული აღმოჩნდება და თურქეთი ევროკავშირში ჩვენზე ადრე გაწევრიანდება, ევროკავშირის რეგულაციები, საქართველოზე, როგორც არაწევრ სახელმწიფოზეც გავრცელდება. ასევე, ვფიქრობ, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ჩვენი ინტეგრაციის ბედი გაყინული დარჩა, დიდ გავლენას მოახდენს თურქეთში დასაქმების შესაძლებლობაზე“,- აღნიშნა „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, გიორგი ანთაძემ.