თურნავა საპენსიო სესხებზე: ვმუშაობთ ლიბერთი ბანკთან ცვლილების ამოქმედების დროის დასადგენად

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, ლიბერთი ბანკთან ინტენსიურად მუშაობენ, რათა პენსიონერთა ნაწილისთვის სესხის პროცენტის შემცირების ცვლილების ამოქმედების თარიღი და პროცედურა განსაზღვრონ. ამის შესახებ თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა.
“2018 წლიდან საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად ჩამოდიოდა ქვევით. რადიკალური გარღვევა კი 2023 წლის პირველ იანვარს მოხდა, როცა ის კონკრეტულ ფორმულას დაექვემდებარა. გუშინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კი ყველას, ვინც საპენსიო სესხი 2023 წლამდე აიღო, საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება და საერთო ჩარჩოში მოექცევა.
ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ლიბერთი ბანკთან, რათა განვსაზღვროთ, რა თარიღიდან, როგორი სქემითა და პროცედურით ამოქმედდება ცვლილება, რადგან ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 150 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება და უხარვეზოდ უნდა განხორციელდეს”. – აღნიშნა თურნავამ.
გუშინ, 22 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერის, ირაკლი კობახიძის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტი შეუმცირდება და 2023 წლიდან დაწესებულ პროცენტს გაუტოლდება.
როგორც თურნავამ დღეს პარლამენტში გამოსვლისას განმარტა, ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ პენსიონერებს სესხი გაუნულდებათ ან ავტომატურად გაუუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. თურნავას თქმით, ძველ გრაფიკზე დაბრუნება გულისხმობს, ერთი მხრივ, ბანკის ვალდებულებას, რომ დააბრუნოს გადავადების პერიოდში დარიცხული პროცენტები, ხოლო მეორე მხრივ, მსესხებლის ვალდებულებას, დააბრუნოს გადავადებული ძირი.
“ცალკეულ შემთხვევაში ეს ბალანსი არის კლიენტის სასარგებლოდ და ხდება სესხის განულება, ცალკეულ შემთხვევაში ხდება სესხის გადახდის ძველი გრაფიკით გაგრძელება. აქედან გამომდინარე, ყველას ვთხოვ, რომ ნუ ვითამაშებთ ემოციებზე და როცა პენსიონერებზეა საუბარი, ემოციებზე თამაში იოლია”. – თქვა მან.