„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
ქეთევან თურაზაშვილის თქმით, 23 ოქტომბერს, მამამისს, ალექსანდრე თურაზაშვილს თეონა ჯაფარიძემ ტელეფონით დაურეკა და შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, ამ სატელეფონო საუბრიდან, დაახლოებით, ერთ საათში მამამისი გარდაიცვალა.
როგორც ქეთევან თურაზაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, ჯაფარიძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ის კვლავ თანამდებობაზე რჩება და საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულიც კი არ არის.
„ჩემი მამა, ალექსანდრე თურაზაშვილი, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია ,,მოქალაქეებს” წარმოადგენდა, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და უბნების დასათვალიერებლად დადიოდა. იმის გამო, რომ მას არცერთი პასუხისმგებელი პირი უბნებზე არ დახვდა, მიზეზის დასადგენად რამდენიმე უბნის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. აღნიშნულის შესახებ აცნობეს საოლქო კომისიის წევრს და „ოცნების“ პოლიტიკის ინტერესების გამტარებელ თეონა ჯაფარიძეს, რომელიც გაღიზიანდა ალექსანდრეს საქმიანობით, დაურეკა მას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში მამა გარდაიცვალა. მამამ დამირეკა 12:31 საათზე, მომიყვა ჯაფარიძესთან საუბრის დეტალები, ის აღელვებული იყო და აღნიშნა, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა თეონა ჯაფარიძეს, არ უპასუხა არაფერი, რასაც ეს უტიფარი ქალი იმსახურებდა. 13:17 წუთზე უკვე დედამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა გარდაიცვალა. ჯაფარიძის ზარსა და მამას გარდაცვალებას შორის შუალედი 60 წუთზე ნაკლებია.
მისივე თქმით „ქართული ოცნება“ მფარველობს თეონა ჯაფარიძეს. გასულ არჩევნებზე, როდესაც მსგავს ფაქტი მოხდა, მაგრამ ეჭვმიტანილი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო, ის მომხდარი ფაქტიდან 4 საათში დააკავეს. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი. როდესაც საქმე ეხება ოპოზიციის წარმომადგენლის გარდაცვალებას, ცდილობენ დამნაშავეს გადაეფარონ და საქმე „ჩაფარცხონ“, – აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.
ქეთევან თურაზაშვილი მოითხოვს, რომ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მიიღოს შესაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თეონა ჯაფარიძე თანამდებობიდან.
„იმისთვის, რომ დავიცვათ მისგან სხვა ადამიანები, მოხდეს პრევენცია და მან ვეღარ შეძლოს სხვების დაზიანება. ასევე, სხვებისთვის იყოს მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება უტიფრობა, თავხედობა, აგრესია, სიძულვილის ენის გამოყენება, უპასუხისმგებლობა და უზრდელობა” – აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.
როგორც საბურთალოს ოლქში, ოპოზიციის კიდევ ერთი დანიშნული წევრი, შორენა ბუხრაშვილი აცხადებს, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრეც, თეონა ჯაფარიძესთან დაკავშირებით არაერთი საჩივარი დაიწერა ოპოზიციონერების მხრიდან.
მისი ცნობით, ისინი ოლქის ხელმძღვანელს მიმართავდნენ, რომ ჯაფარიძე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ოპოზიციონერების მიმართ, მათ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა საჩივრებზე რეაგირება არავის მოუხდენია.
„ბატონ ალექსანდრე თურაზაშვილთან ჩემი ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია შედგა 23 ოქტომბერს 12:33 საათზე. ბატონმა ალექსანდრემ ძალიან აღელვებულმა დამირეკა, როგორც კოლეგა ჩამაყენა საქმის კურსში, რა სახის საუბარი შედგა მასსა და საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრ, თეონა ჯაფარიძეს შორის. აღელვებული ბატონი ალექსანდრე ამბობდა, რომ მსგავსი შეურაცხყოფის ატანა, მით უფრო მაშინ, როდესაც ის ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობას, აღარ შეეძლო. ეს ფაქტი პირველი არ იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ქალბატონის მხრიდან” – აცხადებს შორენა ბუხრაშვილი.
ქეთი თურაზაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, სამი კვირაა რაც გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე საბურთალოს საოლქო კომისიის არცერთი წევრი დაკითხული არ არის.
„დღეს შევხვდი გამომძიებელს, ვესაუბრე და გავეცანი საქმის მასალებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არაფერი ამ სამი კვირის განმავლობაში არ გაკეთებულა საგამოძიებო სამსახურის მხრიდან. გამოიძიონ, გამოიკვლიონ ყველა მტკიცებულება, ესენია, სატელეფონო საუბრები, განხორციელებული ზარი, საიდანაც ერთ საათში ალექსანდრე თურაზაშვილი ცოცხალი აღარ იყო” – აცხადებს გიორგი რეხვიაშვილი.
ქეთევან თურაზაშვილის განცხადების საპასუხოდ ცესკო აცხადებს, რომ საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.
„როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.
თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ, გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის საკითხს და ექნება სათანადო რეაგირება.
საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს ქეთევან თურაზაშვილს, დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ცესკო.