თუნდაც სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა ჩემთვის დღესასწაული იყო – ზივზივაძე

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე დიდი სათამაშო დრო არ მიეცა, აცხადებს, რომ ის მწვრთნელის ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
მისი თქმით, ძალიან ბედნიერი და მადლობელია იმ რამდენიმე წუთისთვის, რომელიც მას ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ერგო.
„უკვე რომ აქ ვიყავი და ამ გუნდის ნაწილი ვიყავი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუნდაც იმ [ნაკრების] სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა ჩემთვის დღესასწაული იყო. მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ბევრი ითამაშოს, მაგრამ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა ამ ევროპის ჩემპიონატზე და როგორც პროფესიონალი, მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმ რამდენიმე წუთისთვის რაც მივიღე, ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.
ევრო 2024 საქართველოსთვის ნაკრებისთვის სადებიუტო იყო. 30 ივნისს ეროვნული ნაკრები მერვედფინალურ რაუნდში ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.