“თუკი სომხეთმა გზაგამტარის ფუნქცია შეითვისა საქართველო კარგავს ენერგო, საჰაერო და სავაჭრო დერეფნის ექსკლუზიურობას” – გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს – სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა დაასრულეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ტექსტზე მოლაპარაკება და ახლა მისი ხელმოწერაღაა საჭირო. ამით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა აღდგება. იმავე პროცესებს ვადევნებთ თვალს სომხეთსა და თურქეთს შორის – გენოციდის აღიარების საკითხი წინაპირობა შეიძლება აღარ იყოს სომხეთისათვის.
თურქულ-სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების აღდგენას დიდი პოზიტიური მხარე აქვს: სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი დასრულდება და რეგიონი უფრო მშვიდი და საინტერესო გახდება საერთაშორისო პარტნიორებისათვის. თუმცა ამ ყველაფერს სერიოზული გამოწვევაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოსათვის – თუკი სომხეთმა გზაგამტარის ფუნქცია შეითვისა საქართველო კარგავს ენერგო, საჰაერო და სავაჭრო დერეფნის ექსკლუზიურობას. ამასთან, სომხეთზე ყველაზე მოკლე იქნება დერეფანი. ამ რეალობის გათვალისწინებით და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისათვის საქართველო დამატებით უნდა აშენებდეს და აფართოებდეს გზებს, რკინიგზას, პორტებსა და ინფრასტრუქტურას. მიუხედავად ყველაფრისა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი მიღწეული: აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის კონსტიტუციის ცვლილება ერთ-ერთ მოთხოვნად სახელდება, რომლის მიხედვითაც სომხეთმა ოფიციალურად უნდა უარყოს თავისი მოთხოვნა ყარაბაღთან მიმართებით და აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. მეორე საკითხი აზერბაიჯანსა და მის ანკლავს, ნახიჩევანს შორის დამაკავშირებელი დერეფნის არსებობა-არარსებობაა. აზერბაიჯანი კვლავ ითხოვს ამ საკითხის გადაჭრას. რას სახით შეიძლება მიიღოს აზერბაიჯანმა ეს შემდგომ გახდება ცნობილი. ეს თემა 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან არსებობს. მესამე საკითხი ყარაბაღთან დაკავშირებული მომლაპარაკებელი მინსკის ჯგუფის დაშლა და მესამე მხარის პროცესში მონაწილეობის უარყოფაა. ეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც ეხება.