ბლოგერი, ნიქო გორგილაძე:
მე არანაირი იმედი არ გამცრუებია, რადგან ურწმუნო კაცი ვარ, არ მჯერა სასწაულების, ცეცხლის გარდამოსვლის, ყეყეჩების გეგმის და კანონიერი ქურდების კეთილშობილების. მაგრამ ვაფასებ ყველა ადამიანის მცდელობას, მათ ბრძოლას, ამიტომაც ვარ ჩუმად მაშინ, როცა სხვები ცდილობენ.
და მაინც: დარწმუნებული ვარ, რომ მალე გავიმარჯვებთ! რატომ? პასუხი არ მაქვს. ეს რწმენა არაფერზეა დაფუძნებული, არაფერ რაციონალურზე, მხოლოდ ავადმყოფურ სიყვარულზე. ან რა იმედგაცრუებაზეა ლაპარაკი, როცა საკანში გამოკეტილი უდანაშაულო პატიმრები გვყავს. ეს ფოტო გასული წლის დეკემბერში ბერლინში შეხვედრისას გადავუღე ნინო დათაშვილს, დიდი ხნის ფეისბუკ მეგობარს, აწ უკვე პოლიტიკურ პატიმარს. შეხედეთ, როგორია: ერთი შეხედვით ნაივური, გულუბრყვილო და დაბნეული, ამავდროულად მუდმივად თვითგანვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი და დაუღალავად მებრძოლი პატრიოტი. რა უნდა ამ ქალს ციხეში? რომ იცნობდეთ, კიდევ უფრო გაგაოგნებდათ ამ უსამართლობის სიღრმე… ერთხელაც ვერ მივწერე წერილი, ხან რას ვიმიზეზებ, ხან რას, სინამდვილეში — მრცხვენია!
თუკი საკანში მყოფ ნინოს სჯერა, რომ გავიმარჯვებთ, მე რა უფლება მაქვს, არ მჯეროდეს?!
