საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
კარგად მახსოვს, მე რომ სამაგისტრო ნაშრომი მოლდოვაზე დავწერე როგორი დამოკიდებულება არსებობდა ამ ქვეყანაზე. ეს იყო პოლიტიკური უპერსპექტივობის სახე. მაშინ ნამდვილად არ მეგონა თუ ოდესმე მოვიდოდა დრო და ეს ქვეყანა გადაგვასწრებდა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ყველა იმას მიმტკიცებდა ამ ქვეყანას დიდი მომავალი არ აქვსო. დემოკრატიის ხარისხით კი ჩვენზე წინ იყო, მაგრამ საქართველო არც დსთ-ში აღარ იყო და რუსულენოვანი მოსახლეობაც არ უწყვეტდა არჩევნების ბედს და საზოგადოება დიდ ნაწილში ბევრად თავისუფალიც იყო. მე კი ჩვენი აკადემიური, ექსპერტული და პოლიტიკური წრეებიდან ის აღშფოთებებიც არ მავიწყდება, რა გვინდა ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ჩვენ ხომ ძალიან წინ ვართ მათთან შედარებითო. და მაშინ მართლაც ასე იყო. მახსოვს საერთაშორისო წრეებში მოლდოვაზე რომ მიდგებოდა საქმე ყველა ან არიდებდა მასზე საუბარს ან ძალიან კრიტიკულები იყვნენ ხოლმე. ერთ-ერთ დისკუსიაში მოლდოვას პოლიტიკური მმართველები დაახასიათეს, როგორც “საკუთარი მომავლის თვითმკვლელი რეჟიმები”, რადგან ყველა ერთმანეთზე უფრო პრო-რუსული და კორუმპირებული იყვნენ ისინი. მმართველი ელიტა თუ შიმშილსა და მორჩილებას ითხოვს საკუთარი ხალხისაგან და ხალხსაც არაფრის ცვლილება არ უნდა ამაზე ჩვენ რატომ უნდა ვიდარდოთო.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ახალი ანგარიშით კი ისაა ნაჩვენები რაც საქართველოს მთელს ამ წარსულ მიღწევებს ანადგურებს და თანდათან ჩვენს ქვეყანას მოლდოვას იმ წარსულ ფორმაში აბრუნებს, რომელზეც ასე კრიტიკულები ვიყავით თავად. მოლდოვა კი თანდათან ნახტომისებრად იწყებს წინსვლას. არადა დღესაც უამრავ ასპექტში ჩამორჩება მოლდოვა საქართველოს – განსაკუთრებით სოციალურ სფეროში, მაგრამ ტენდენციაა განსხვავებული: თუკი კიშინიოვი პროგრესირებს ჩვენ ღია რეგრესი გვაქვს. თუმცა ერთი იმედიცაა: თუკი მოლდოვა წარმოუდგენლად ბნელი პოლიტიკური ჭაობიდან გამოვიდა, ისევე როგორც ჩვენ დავაღწიეთ თავი 90-ან წლებს, ესე იგი არც საქართველოშია ყველაფერი დასრულებული ჯერ.



