თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში და 023 კორპუსში კვლავ რჩებიან სტუნდენტები, რომლებიც ერთი მხრივ უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ, მეორე მხრივ კი საპროტესტო აქციაზე დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ.
თსუ-ში 22 ნოემბრის დილის მდგომარეობით ორი საპროტესტო სივრცეა – ერთი პირველი კორპუსის სარდაფში, აუდიტორია 023-ში, სადაც რამდენიმე ათეული სტუდენტი ათენებს ღამეებს და გეგმავს წინააღმდეგობის მოძრაობას, მეორე კი უნივერსიტეტის ეზოში გაშლილ კარვებში, სადაც ასევე ღამისთევით რჩებიან ახალგაზრდები.
უნივერსიტეტის შენობაში მყოფი სტუდენტები ყვებიან, რომ ღამით მათ გადაადგილებას უზღუდავს თსუ-ს დაცვის სამსახური და იყო შემთხვევა, როცა მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენებით მუქარასაც ჰქონდა ადგილი დაცვის თანამშრომლების მხრიდან – დაძაბულობის გამო ღამისთევისგან დასუსტებული სტუდენტებიდან ორს პანიკური შეტევა ჰქონდათ, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. სტუდენტი ლიზი ბერინაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი თავად უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოიძახეს, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რის გამოც სტუდენტებმა დროული სამედიცინო დახმარება ვერ მიიღეს. ის ამბობს, რომ ადმინისტრაცია ცდილობს მათი წინააღმდეგობის დისკრედიტაციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, თითქოს პროტესტში ჩართული ახალგაზრდები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და ამის გამო დასჭირდათ სამედიცინო დახმარება – ლიზის მტკიცებით, ყველა ის ახალგაზრდა, ვინც თსუ-ს შენობაში რჩება პროტესტის ნიშნად ღამით, მზადაა ალკოტესტის ჩასატარებლად, რათა გაბათილდეს ეს ცრუ ინფორმაცია.
თსუ-ს ეზოში გაშლილ კარვებში მყოფი ახალგაზრდები კი პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძის, ასევე 19 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს სხვა დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას, სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. მათ შორის იყო მათე დევიძეც. ისევე როგორც სხვა დაკავებულებს, სამართალდამცავები მასაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებოდნენ. თუმცა 21 ნოემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დაწყებული საქმის წარმოება გამოძიებამ სისხლის სამართლის დანაშაულად გადააკვალიფიცირა.