თსუ-ს დაცვის სამსახურის უფროსი – თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა – ღამის სამ საათზე უნივერსიტეტში რომ შემოდიხარ, ეს არის შემოჭრა

თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა. ღამის სამ საათზე უნივერსიტეტში რომ შემოდიხარ, ეს არის შემოჭრა, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როცა სტუდენტები ღამის სამ საათზე შედიან უნივერსიტეტის შენობაში, მათ არც სწავლა და არც ადმინისტრაციასთან შეხვედრა არ აინტერესებთ.
“თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა. აი, ფაქტია, რომ ეს არის შემოჭრა. რომელი საათია ახლა, იცით? ღამის სამ საათზე უნივერსიტეტში რომ შემოდიხარ, ეს არის შემოჭრა. ამ დროს უნივერსიტეტში არავინ არის, რომ პასუხი გასცეს. დილით მოვიდნენ და ჩვენ ჩვეულებრივად დაველაპარაკებით. სამუშაო დღეს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ სტუდენტები მოსულიყვნენ და ვერ შემოსულიყვნენ შენობაში. ღამის სამ საათზე დაკეტილ შენობაში ადამიანს რა უნდა? ამ დროს არც სწავლა აინტერესებთ, არც ადმინისტრაციასთან შეხვედრა აინტერესებთ იმიტომ, რომ ვერ დახვდება ღამის სამ საათზე ვერავინ”, – განაცხადა უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილია შესული. სტუდენტების განცხადებით, ისინი თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ და შენობაში ღამის განმავლობაში დარჩენას გეგმავენ.