თსუ-ის სტუდენტებს მეორე დღეა უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტისას დაკავებულ ლექტორს უჭერენ მხარს, მეორე დღეა, დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ.
დემონსტრანტების თქმით, რექტორი სამუშია წუხელ რამდენიმე მათგანს შეხვდა და უთხრა, რომ თსუ-ის სტუდენტებს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდება სხვა აუდიტორიაში, რაც კანცელარიას ყველანი დატოვებენ და „ძალადობას შეწყვეტენ“.
დემონსტრანტებმა ეს მოთხოვნა არ გაიზიარეს – ისინი ამბობდნენ, რომ კანცელარიაში სადისკუსიო სივრცე აქვთ მოწყობილი და მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს.
რექტორი ამ დრომდე არ შეხვედრია მათ.
სტუდენტები მეტი მხარდამჭერის შემოერთებას ელოდებიან.
„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრი, ტატო ჩანგელია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სტუდენტებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
· შეწყდეს ადამიანების ბინიდან გამოსახლება;
· უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა შემოუერთდეს მისივე ლექტორის, დაკავებული კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნას და უნივერსიტეტი გაიფიცოს მანამ, სანამ მას, თანამოაზრესთან, ილიაუნის დოქტორანტ გიორგი ხასაიასთან ერთად, არ გაათავისუფლებენ.
რას აპროტესტებენ უნივერსიტეტში?
ყველაფერი დაიწყო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებით.
23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.
პოლიციამ გამოსახლების წინააღმდეგ გამოსული 20 ადამიანი დააკავა. 2 მათგანი – სისხლის სამართლის წესით.
სისხლის სამართლის წესით დაკავებულები არიან სოციალურ საკითხებზე აქტიური მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები: გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა.
კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია.
გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ხასაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სახელმწიფოს მისი დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
თსუ-ში შეკრებილები რექტორისა და უნივერსიტეტისგან ითხოვენ, გაავრცელონ ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, კაკო ჩიქობავას მხარდამჭერი განცხადება.
„თავისუფლება კაკოს და გიორგის“, „დაუბრუნდეს ღირსება უნივერსიტეტს“, – სკანდირებდნენ ისინი.
„ეს დაპატიმრება უსამართლოა. სასამართლო არ ითვალისწინებს იმ ფართო კონტექსტს, რის გამოც გააკეთეს. კაკო არის ლექტორი, თსუ-ს არ გაუკეთებია, როგორც უნივერსიტეტს, განცხადება, პოზიცია არ დაუფიქსირებია“, – უთხრა 27 იანვარს ტატო ჩანგელიამ, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, რადიო თავისუფლებას.
„აქ ვართ შეკრებილები სტუდენტები, კაკო ჩიქობავას სტუდენტები, სტუდენტები, ვინც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი უსამართლოა. ყველა ბრძოლას სჭირდება გაძლიერება. უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, უნდა გაგვაძლიერონ სხვებმა. აქ გუშინ იყვნენ ლექტორები სხვა უნივერსიტეტებიდან, მუსიკოსები, სხვა მოძრაობების წევრები, მაგრამ ძირითადად ჩვენ აქ ვართ უნივერსიტეტის სტუდენტები და არა რაღაც „სხვა ძალები“, – ამბობს ტატო ჩანგელია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის