თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის მიმდინარეობს ფარული კონსულტაციები, სადაც სტუდენტებს რექტორთან ჯაბა სამუშიასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას სთავაზობენ.
სტუდენტთა ნაწილის თქმით, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ემსახურება თსუ-ში აგორებული საპროტესტო ტალღის ჩახშობას და აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც არ იქნება ჩატარებული საჯარო სივრცეში, მედიების წინ – იქნება არალეგიტიმური და არ გამოხატავს სტუდენტთა საერთო ნებას.
“რამდენიმე დღის წინ გავავრცელეთ განცხადება, სადაც მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის თაობაზე.
ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ფარული კონსულტაციები, ერთი მხრივ ადმინისტრაციასა და, მეორე მხრივ, სტუდენტებს შორის, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქტიურად სთავაზობენ და სთხოვენ სტუდენტებს ჯაბა სამუშიასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას.
მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ:
გვჯერა, რექტორისა და სტუდენტების დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგორებული საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას;
ნებისმიერი შეხვედრა ჯაბა სამუშიასა და სტუდენტებს შორის, რომელიც არ იქნება ჩატარებული საჯარო სივრცეში, მედიების წინ, არის არალეგიტიმური და არ გამოხატავს თსუ-ის სტუდენტების საერთო ნებას.
თუ ჯაბა სამუშიას სურს ჩვენთან შეხვედრა, ეს უნდა მოხდეს, ისევ და ისევ, მხოლოდ მედიების წინ, ყველა დაინტერესებული პირის თანდასწრებით, ჩვენივე შედგენილი ფორმატით.
უცვლელი რჩება ჯაბა სამუშიას გადადგომის მოთხოვნა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Facebook-ზე გვერდი სტუდენტები ხმების დასაცავად ავრცელებს.
20 ნოემბერს თსუ-ის სტუდენტებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ჯაბა სამუშიას იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ შეხვედრა იქნება საჯარო და მასზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ კრიტიკულ მედიებს. ამასთან, თუ ყველა სტუდენტს ექნება რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომა სტუდენტებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გავრცელდა კადრები, რომ 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა.
სტუდენტების ნაწილის თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია კორპუსის ჩაკეტვა სტუდენტებისთვის და გახსნა – საპოლიციო ძალებისთვის.