თსუ-ის სტუდენტების თქმით, რექტორს მხოლოდ საჯარო სივრცეში, მედიების თანდასწრებით შეხვდებიან

სტუდენტთა ნაწილის თქმით, ჯაბა სამუშიას იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ შეხვედრა იქნება საჯარო და მასზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ კრიტიკულ მედიებს. ამასთან, თუ ყველა სტუდენტს ექნება რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა.
“ვეხმაურებით ჯაბა სამუშიას შემოთავაზებას თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრის თაობაზე.
ჯაბა სამუშიას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება: სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის კარის ჩაკეტვაზე; ისტორიულ კორპუსში საპოლიციო ძალების განლაგებასა და მათთვის კომფორტის შექმნაზე; უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებზე ძალადობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ მისი პასუხისმგებლობა დადგეს არა მხოლოდ აკადემიური საბჭოს, არამედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშეც. უნივერსიტეტის რექტორმა პირველ რიგში უნივერსიტეტის სტუდენტების კითხვებს უნდა უპასუხოს.
რექტორთან შეხვედრას ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს აზრი, თუ ის საჯარო სივრცეში, კრიტიკული მედიების თანდასწრებით გაიმართება და რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეეძლება”, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომა სტუდენტებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გავრცელდა კადრები, რომ 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა.