თსსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და ჯანდაცვის გლობალური საკითხები მიკრობიოლოგიაში აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებით“ დასრულდა

„ვიმოქმედოთ ახლა, დავიცვათ დღევანდელობა, უზრუნველვყოთ მომავალი“ – ამ გზავნილით აღნიშნავს წელს მსოფლიო ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს (17-23 ნოემბერი).
ანტიბიოტიკორეზისტენტობა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2014 წლიდან ოფიციალურად აღიარებულია გლობალური ჯანმრთელობის საფრთხედ, თანამედროვე მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.
„ანტიმიკრობული რეზისტენტობა დღეს გამოცხადებულია გლობალურ საფრთხედ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, როგორც საგანმანათლებლო პლატფორმა ნამდვილად იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს განათლების ნაწილი, ყველასთან მიიტანოს ეს ინფორმაცია, რაც დაგვეხმარება შედეგის მიღწევაში. შეიძლება ითქვას რომ ჩვენ გადავედით ქმედებაზე ამ საკითხთან მიმართებაში” – აღნიშნა თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და კლინიკურმა მიკრობიოლოგმა, პროფესორმა თამარ დიდბარიძემ.
გლობალურად აქტუალური საკითხის კვირეულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მრავალფეროვანი აქტივობებით შეურთდა და კვირეული საერთაშორისო რეგიონული კონფერენციით – „თანამედროვე გამოწვევები და ჯანდაცვის გლობალური საკითხები მიკრობიოლოგიაში აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებით“ – დაასრულა.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა აკადემიური მიმართულებით, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ:
„პატივცემულო სტუმრებო ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და გავხსნა საერთაშორისო კონფერენცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფერენცია ტარდება მსოფლიო ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში, ეს კვირეული გვახსენებს რამდენად აუცილებელია ერთობლივი ქმედება და ცოდნის გაზიარება, რათა შევამციროთ ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებული გლობალური საფრთხე.“
სტუმრებს შორის იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, რომელმაც ქართულ სამეცნიერო სივრცეში მიკრობიოლოგიის მიმართულების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ეს კონფერენცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიკრობიოლოგიის მიმართულება მედიცინის და ჯანდაცვის განვითარების პროცესში.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის, ინფექციური დაავადებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროებიდან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები შეკრიბა. მათ იმსჯელეს და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ანტიბიოტიკორეზისტენტობის ეროვნული პოლიტიკა და სტრატეგია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ბაქტერიოფაგების თერაპიული პოტენციალი, ინოვაციური მიდგომები კლინიკურ მიკრობიოლოგიაში და ინფექციური დაავადებების მართვაში, პანდემიისთვის მზადყოფნის გაძლიერება, ჯანმრთელობის ერთიანი მიდგომის (One Health) განვითარება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში.
„სიტუაცია საგანგაშოა როგორც გლობალურ დონეზე, ისე საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ხუთი წლის ანგარიშების მიხედვით, ანტიმიკრობული რეზისტენტობა ყველა ინფექციაში 40%-ით არის გაზრდილი და ყოველწლიურად 5–15%-ით განაგრძობს მატებას. საქართველომ გამოავლინა ძლიერი პოლიტიკური ნება AMR-ის სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებითა და დამტკიცებით. – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ტექნიკურმა ოფიცერმა.
კონფერენციაზე სიტყვით წარსდგნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერები და ექსპერტები, მათ შორის:
· თომას მიუზაკი – უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი და პროგრამის მენეჯერი, პროფესორი;
· რობერტ ლეო სკოვი – ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ასოციაციის (ESCMID) პრეზიდენტი;
· სტივენ ბეკმენი – -ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი – აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი;
· მარიამ ლაშხი – სეფსისის გლობალური ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი;
· პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი;
· ამირან გამყრელიძე – პროფესორი;
· ნუნუ დოლიანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ტექნიკური ოფიცერი, ჯანმრთელობის კოორდინაცია და პარტნიორობა.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ძირითადი მოხსენებები და სამეცნიერო სესიები ექიმების, მეცნიერებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, ასევე სტუდენტების ზეპირი და პოსტერული პრეზენტაციები.
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, დარგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, გლობალური გამოცდილების გაზიარება და ქართველი მეცნიერების ჩართვა საერთაშორისო კვლევით პროცესებში.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს გლობალური კვლევითი ქსელების ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვნად ზრდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ხილვადობას. ემსახურება თსსუ-ის, როგორც რეგიონული ლიდერი სამედიცინო ინსტიტუციის პოზიციონირების გაძლიერებას.
კონფერენცია, ასევე ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას თსსუ-ის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, შეისწავლონ მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების სფეროში მიმდინარე ტრენდები და ჩაერთონ საერთაშორისო კვლევით ინიციატივებში.
ღონისძიება 2025 წლის 24 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტისა და ადგილობრივი და რეგიონული პარტნიორების ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენცია გამოჩენილი ქართველი მიკრობიოლოგისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამორჩეული ლიდერის, თამაზ კერესელიძის, დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიძღვნა.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – მარკ რუტემ კარგად იცის, რომ საქართველო წლებია, მზადაა, ნატოში გასაწევრიანებლად – ახლა ამბობს, თუ სურვილი აქვთ, იმეცადინონო, როცა გვითხრეს, ძალიან კარგად ხართ მომზადებულიო?! – ამოვუღებთ ამ ვიდეოებს და ვაჩვენებთ