2025 წლის 30-31 ოქტომბერს თბილისი მასშტაბურ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.
კონფერენცია მიზნად ისახავს სამედიცინო განათლების სფეროში არსებული, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილების, ინოვაციური მიდგომებისა და გამოწვევების განხილვას და გაზიარებას გლობალური ტენდენციების ფონზე.
ვინ უნდა დაესწროს კონფერენციას?
მასშტაბური ღონისძიება სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფს გააერთიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სამედიცინო განათლების სფეროში.
კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
· სამედიცინო განათლების სპეციალისტებისთვის და სასწავლო პროგრამების შემქმნელებისთვის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სწავლების, კვლევის და პრაქტიკული გამოცდილების განვითარებაში.
· სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე სასწავლო მიდგომებით, კარიერული განვითარებითა და საერთაშორისო გამოცდილებით.
· ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის ექსპერტებისთვის, რომლებსაც სურთ განიხილონ სტანდარტები, მეთოდოლოგია და საერთაშორისო პრაქტიკა.
· ჯანდაცვისა და განათლების პოლიტიკის შემქმნელებისთვის, რათა გააზიარონ და განავითარონ სტრატეგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის პროფესიული განათლების განვითარებას.
· ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მდგრადი განვითარების მოდელების დანერგვის გზებზე, ინოვაციებზე და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
თსსუ-ის როლი საერთაშორისო სამედიცინო განათლების სფეროში
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ეს საერთაშორისო კონფერენცია არის სტრატეგიული მნიშვნელობის ღონისძიება, რომელიც ხაზს უსვამს თსსუ-ის როლს სამედიცინო განათლებაში არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის და გლობალური მასშტაბით და ასევე, საქართველოს შესაძლებლობას, გახდეს საგანმანათლებლო ინოვაციების ცენტრი გლობალურ დონეზე სამედიცინო განათლების მიმართულებით.
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი აცხადებს, სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია ეს არის საქართველოს სამედიცინო განათლების განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი და კიდევ ერთხელ აჩვენებს თსსუ-ის მზარდ როლს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში:
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია და მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი – საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების ფლაგმანი – აკეთებს მისი ორგანიზებას.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან მრავალი საერთაშორისო დონის სპიკერი: დიდი ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან, გერმანიიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ასევე შეერთებული შტატებიდან. რა თქმა უნდა, კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი ექსპერტებიც, რომლებიც მრავალი წელია აქტიურად მუშაობენ უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში.
ეს კონფერენცია საშუალებას იძლევა მოვისმინოთ ახალი ინფორმაცია, გავეცნოთ თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებას. ბოლო წლებში სამედიცინო განათლება მნიშვნელოვნად შეიცვალა – ეს ცვლილებები მოიცავს როგორც სწავლების, ისე შეფასების მეთოდებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კლინიკურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას და მის შეფასებას.
როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ექიმი უშუალოდ პაციენტებთან მუშაობს, ამიტომ აუცილებელია, რომ მას უკვე ჰქონდეს პრაქტიკული უნარები, პროფესიული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად და პაციენტისთვის სათანადო დახმარების გასაწევად. ამიტომაც ახალი მიდგომების გაზიარება და გამოცდილების ურთიერთგაცვლა უმნიშვნელოვანესია – როგორც ჩვენთვის, ისე ყველა იმ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუციისთვის, რომელიც დღეს მოქმედებს.
ვფიქრობ, ეს კონფერენცია იქნება არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ მთლიანად საქართველოს სამედიცინო სივრცისთვის ღირებული და მნიშვნელოვანი ღონისძიება.“
კონფერენციის მიზანი
სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის მთავარი ამოცანებია:
· სწავლების, შეფასებისა და კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე მიდგომების განხილვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად;
· ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება გამოცდილების, ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების გზით;
· სამედიცინო განათლების ხარისხისა და სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს სფეროს მდგრად პროგრესს;
· სოციალური ანგარიშვალდებულებისა და მდგრადობის პრინციპების ინტეგრაცია სამედიცინო განათლებაში;
· სამედიცინო განათლების სტანდარტებზე, აკრედიტაციაზე, ეთიკასა და სტუდენტების კეთილდღეობაზე გლობალიზაციის ზემოქმედების შეფასება, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეებს უკეთ გაიაზრონ საერთაშორისო ტენდენციები და მათი გავლენა ადგილობრივ დონეზე.
სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველ გამომსვლელებს შორისაა თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი. ის სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრებს სამედიცინო განათლების იდეების ეფექტიან პროექტებად გარდაქმნაზე.
მისი თქმით, კონფერენციის მრავალფეროვანი ფორმატი ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას და ინოვაციური მიდგომების დანერგვას სამედიცინო განათლებაში.
„ეს კონფერენცია ქმნის არაჩვეულებრივ პლატფორმას მედიკოსებისთვის, სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის, უმაღლესი განათლების სპეციალისტებისთვის და ამ მიმართულებით პოლიტიკის შემქმნელებისთვის – როგორც უცხოეთიდან, ისე საქართველოდან. ეს არის შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ და მივიღოთ საუკეთესო გამოცდილება სამედიცინო განათლების სფეროში.
კონფერენციის პროგრამა დატვირთულია ვორქშოფებით, პანელური სესიებით და პოსტერული პრეზენტაციებით, რაც ქმნის შესანიშნავ გარემოს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი იდეების პრაქტიკაში გადატანისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი, ინოვაციური და საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო განათლების სისტემის განვითარებისთვის.
მე პირადად მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, გაგიზიაროთ, როგორ შეიძლება სამედიცინო განათლების იდეები გადაიქცეს ეფექტურ პროექტებად“.
საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია ერთ სივრცეში გააერთიანებს მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს სამედიცინო განათლების მიმართულებით, რაც შექმნის ერთიან პლატფორმას ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.
როგორც ექსპერტები ამბობენ, კონფერენცია მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ ხელს უწყობს ქართველი პროფესიონალების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ ქსელებში, რაც აძლევს მათ საშუალებას გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს, შეაფასონ ადგილობრივი პრაქტიკების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და გაეცნონ ახალ შესაძლებლობებს განათლების, კვლევითი მუშაობისა და კლინიკური პრაქტიკის ხარისხის განვითარებისთვის.
ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი, ჰარმ პეტერსი სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად აფასებს. ის ხაზს უსვამს, რომ გლობალური ცვლილებების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობა სამედიცინო განათლების სფეროში არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ აუცილებელიცაა:
„ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვის დიდი პატივია, როგორც ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტმა, ვისაუბრო და აღვნიშნო საერთაშორისო სამედიცინო განათლების კონფერენციის მნიშვნელობა, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება თბილისში, საქართველოში.
ეს ღონისძიება აერთიანებს ლიდერებს, პედაგოგებსა და ინოვატორებს მთელი მსოფლიოდან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონფერენცია გვაძლევს შესაძლებლობას, გლობალური გამოწვევების ფონზე ვისაუბროთ სამედიცინო განათლების მომავალზე.
გლობალური ცვლილებების პირობებში, საერთაშორისო თანამშრომლობა სამედიცინო განათლების სფეროში არა მხოლოდ ღირებულია, არამედ აუცილებელიც. თანამშრომლობით ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ მომავალი თაობის ექიმები სათანადოდ მომზადებულნი იყვნენ, რათა უპასუხონ ჩვენი პაციენტებისა და საზოგადოების ჯანდაცვის საჭიროებებს.
დიდი ინტერესით ველოდები ჩვენს დისკუსიებსა და აზრთა გაცვლას.
შევხვდებით საერთაშორისო სამედიცინო განათლების კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.“
ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ დეკანი, პროფესორი დაგლას ენდერი, ერთ-ერთია საერთაშორისო ექსპერტებს შორის, რომელიც კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგება. პროფესორის განცხადებით, მისი გამოსვლა შეეხება თანამედროვე სამედიცინო განათლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს: საგანმანათლებლო სამეცნიერო საქმიანობას, ინოვაციურ მეთოდებს და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.
„მოუთმენლად ველოდები ვიზიტს თბილისში, საქართველოში – თქვენს ულამაზეს ქვეყანაში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ველოდები კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას.
ჩემი მოხსენების თემაა: საგანმანათლებლო სამეცნიერო საქმიანობის განხილვა და შესრულებული სამუშაოების დისემინაცია. ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვახორციელებთ ინოვაციებს სასწავლო პროგრამებში და ვავითარებთ სწავლების ახალ ტექნიკებს. ამ მიდგომების შედეგების გავრცელება კი აუცილებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თსსუ-ში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ, როგორ გადავაქციოთ შესრულებული სამუშაო სამეცნიერო პროდუქტად, როგორ წარმოვადგინოთ ის კონფერენციებზე და საბოლოოდ როგორ ვაქციოთ ეს რეცენზირებულ პუბლიკაციად.
კიდევ ერთხელ, მოუთმენლად ველოდები კონფერენციას, თქვენს სტუმართმოყვარეობას და თბილისთან შეხვედრას.“
კონფერენციის ფორმატი
სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია 30 ოქტომბერს გაიხსნება. ოფიციალური გახსნის შემდეგ, ღონისძიების ფარგლებში, თსსუ-ის სხვადასხვა სივრცეში გაიმართება პლენარული სხდომები, ინტერაქტიული/თემატური პანელები და მცირე ჯგუფური სამუშაო სესიები. მონაწილეები ჩაერთვებიან დისკუსიებში.
ორ დღიანი ღონისძიება გააერთიანებს პლატფორმას ინოვაციების აღმოჩენის, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისა და სამედიცინო განათლების ტრანსფორმაციისთვის.
საერთაშორისო კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებგვერდზე.




