თოფურია: მადრიდში ჩამოფრენისას, დავფიქრდი, რატომ უნდა გავიარო უცხოელების გასასვლელში?

UFC-ის ქართველ-ესპანელი ჩემპიონი ილია თოფურია მადრიდში ჩავიდა პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ჩემპიონის სტატუსზე, მომავალ მეტოქეებზე და ბიუროკრატიულ სირთულეებზე.
“როდესაც მადრიდში ჩამოვფრინდი, დავფიქრდი, [აეროპორტში] რატომ უნდა გავიარო უცხოელების გასასვლელში? რატომ არ მომილოცა წარმატება ჩვენი ქვეყნის ლიდერმა?”, – განაცხადა ილია თოფურიამ, რომელიც მართალია ბევრი წელია ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჯერ არ აქვს. ის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა.
თოფურიას თქმით, 2024 წელს შემდეგ ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ ის ესპანეთში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.
მან ასევე თქვა, რომ ამ კვირას ის გახსნის საფეხბურთო მატჩს სანტიაგო ბერნაბეუზე, რომელშიც მადრიდის რეალი სევილიას დაუპირისპირდება. თოფურიას თქმით, მას დაურეკა “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და გამარჯვება მიულოცა. თოფურიას თქმით, მადრიდის რეალი მისთვის არის კლუბი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ესპანეთის ღირებულებებს.
მან ასევე დაასახელა სამი მოწინააღმდეგე, რომელთან დაპირისპირებას ამ ეტაპზე სურს:
· კონორ მაკგრეგორი
· მაქს ჰოლოვეი, თუ ის თავის სატიტულო ბრძოლას მოიგებს
· შონ ო მაილი თუ ის ჩიტო ვერას დაამარცხებს
თოფურიას თქმით, ვერ ხედავს ალექს ვოლკანოვსკისთან რემატჩის შესაძლებლობას.
“მე მინდა ისეთი ბრძოლა, რომელიც ფანებს მოეწონებათ. ვის სურს ვოლკთან რემატჩი? ვაცადოთ დასვენება”.
ერთი ბრძოლის შემდეგ, ილია თოფურიას თქმით, სურს კიდევ ერთ ჩემპიონ ისლამ მახაჩევთან დაპირისპირება, რომელიც ზედა წონაში გამოდის.
“ეჭვი არ მეპარება, რომ ორმაგი ჩემპიონი ვიქნები [ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში]. თუმცა იქამდე სხვა რაღაცის გაკეთება მსურს”, – თქვა თოფურიამ.