ჩემი ეზოს ჭიშკრიდან მარჯვნივ ასე 300 მეტრში რკინიგზის სამეთვალყურეო ჯიხური დგას. მარცხნივ კი პანსიონი და დედათა მონასტერის ასახვევია ისიც ასე 500 მეტრში. ჯიხურის თანამშრომლების ყველა ცვლას ვიცნობ და დღეს ერთი მეუბნება: გუშინ პანსიონში მივდიოდი და ჩხუბი მომივიდა, ვიღაც ცოლ-ქმარმა ლეკვები ჩამოსვეს მანქანიდან და რომ ვკითხე რას აკეთებთთქო?! მიპასუხეს, შენ ვინ გეკითხებაო და გამლანძღესო. სად არიან ახლა ის ლეკვები როცა ვკითხე, მითხრა: არ ვიცი, უკან ჩასვეს და წავიდნენ. ალბათ სხვაგან გადაყარესო. ასე ყრიან და ტოვებენ ლეკვებს და კნუტებს ამ მონაკვეთში. რამოდენიმე თვის წინ ბებიამ და ბაბუამ შვილიშვილის წლამდე გაზრდილი ლეკვი ჩაისვეს და ტრასაზე დატოვეს, ბავშვს კი უთხრეს, გაიგცაო. ის ლეკვი იმ დღიდან ჩემთანაა, რიჩარდს ვეძახი და გაიზარდა, მაგრამ განა რამდენი უნდა შევიფარო ან შეიფაროს ამ ხალხმა ?! ახლა მხოლოდ მომავალი თაობის იმედი მაქვს, მათი ჰუმანურობის და სხვა დამოკიდებულების ცხოველების მიმართ. აბა ჩემი მშობლების თაობას ცელოფნის პარკით კნუტების გადაყრა ურნაში ტრადიციად ქონდათ. პატარა ვიყავი და მახსოვს თოფებით როგორ ხოცავდნენ ძაღლებს შუა პავლოვზე ( ახლა ყაზბეგზე ) გვერდით კი ნორკის შუბით შემოსილი მეზობელი ქალი არხეინად ელოდებოდა შავ ვოლგას.