ჩემი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არასოდეს ყოფილა გულწრფელად ერთგული დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების და, რაც მთავარია, ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან – ქვეყანასთან, სადაც მან ქონება დააგროვა, – ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჰელსინკის კომიტეტს, რადგან ეს მოსმენა ვერ იქნებოდა უფრო დროული და აქტუალური.
როგორც უკვე აღინიშნა, მთხოვეს მოკლედ შემეფასებინა არსებული ტრაექტორია, და მე ყურადღებას გავამახვილებ მმართველი „ქართული ოცნების“ რეჟიმის გზაზე და საქართველოში მზარდ ავტოკრატიულ რეპრესიებზე – როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე.
სამწუხაროდ, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის პროცესს პირდაპირი თვალით ვაკვირდებოდი. 2014 წელს ქვეყანაში გადავედი, რათა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელი გავმხდარიყავი. ეს იყო სწორედ იმ პერიოდის შემდეგ, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ კოალიციაზე ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემა განხორციელდა. კოალიცია მოიცავდა სხვადასხვა იდეოლოგიური მიმართულების პარტიებს, რომლებიც გაერთიანდნენ ენმ-ის დასამარცხებლად.
ეს მართლაც იმედიანი პერიოდი იყო – სავსე რეფორმებისა და განახლების დაპირებებით. საქართველო მასპინძლობდა და ხელმძღვანელობდა „ღია მმართველობის პარტნიორობას“, პარლამენტში მიმდინარეობდა არაერთი დემოკრატიული რეფორმის განხილვა, და ქვეყანა სწრაფად მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ.
თუმცა ეს ეტაპი ხანმოკლე აღმოჩნდა. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ახალი და სწრაფი პროცესია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ამის ნიშნები ბევრად ადრე გაჩნდა.
პირველი და ძირითადი პრობლემა თავიდანვე არსებობდა – ბიძინა ივანიშვილი, რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი, რომელიც იდგა „ქართული ოცნების“ შექმნის უკან და მისი პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. ჩემი შეფასებით, ის არასოდეს ყოფილა გულწრფელად ერთგული დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების და, რაც მთავარია, ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან – ქვეყანასთან, სადაც მან ქონება დააგროვა.
მეორე ფაქტორი იყო ის, რომ ფართო კოალიცია, რომელზეც ვისაუბრე, 2015 წლიდან დაშლას იწყებს, როდესაც უფრო პროდასავლურმა და პროდემოკრატიულმა პარტიებმა კოალიცია დატოვეს.
მესამე ტენდენცია იყო არალიბერალური გადახრა, რომელიც, როგორც ხშირად ხდება, რუსული ნარატივებისა და დეზინფორმაციის გავრცელებით დაიწყო – თემები ეხებოდა უმცირესობებს, ქალებს, ეთნონაციონალიზმს და ანტიდასავლურ რიტორიკას. მოგვიანებით ეს გადაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევებში, რომლებიც ხელისუფლებაზე კონტროლის ფუნქციას ასრულებენ.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ჩემი აზრით, საქართველოსთვის დასავლეთთან საბოლოო გამიჯვნისა და ავტორიტარიზმისკენ სრული გადახრის მომენტი იყო. საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად დაიკავა პოზიცია, რომელიც რუსეთს უფრო დაეხმარა, ვიდრე უკრაინას. ქვეყანა კვლავაც რჩება სანქციების გვერდის ავლის მნიშვნელოვან მარშრუტად რუსეთისთვის, რაც განსაკუთრებით ირონიულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული.
ხელისუფლება მუდმივად აკრიტიკებდა უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკის, მაშინ როცა რუსეთის მიმართ გაცილებით ფრთხილი იყო. მოგვიანებით კრიტიკა ევროპისა და შეერთებული შტატებისკენაც მიმართეს, დასავლეთს „მტრულ აქტორებად“ წარმოაჩენდნენ და ამტკიცებდნენ, თითქოს ისინი „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილია, რომელიც საქართველოს „მეორე ფრონტში“ ჩათრევას ცდილობს. ევროპას კი „ლიბერალურ ფაშიზმში“ ადანაშაულებდნენ.
ამავდროულად, „ქართული ოცნება“ ღიად მოიხსენიებდა ჩინეთსა და ირანს მეგობრებად, მოკავშირეებად და პარტნიორებად. მაგალითად, არსებობს ფოტო, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ჰამასის“ წარმომადგენლებთან ერთად დგას. ამგვარად, შეიცვალა წარმოდგენა იმაზე, ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ – მოწინააღმდეგეები.
რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს – მე ათ წელზე მეტია საქართველოს ყველა არჩევნებს ვაკვირდები. დამკვირვებლის თვალით რომ შევაფასო, ეს არჩევნები იყო სერიოზულად ხარვეზიანი, დაშინებისა და სხვა დარღვევების ფონზე ჩატარებული. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა, მალევე შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის ინიციატივაც წამოაყენა.
მას შემდეგ, ქართველები ყოველდღიურად აპროტესტებენ შექმნილ ვითარებას. მათ ძალადობით ხვდებიან, აკავებენ სამოქალაქო ლიდერებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. მათ შორის არის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის გათავისუფლებისთვის მაკკეინის ინსტიტუტი იბრძვის. საქართველოში ამჟამად 121 პოლიტიკური პატიმარია – ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია.
დღეს ვითარება ასე გამოიყურება: თითქმის ყოველ კვირას მიიღება ახალი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო და კონსტიტუციურ ვალდებულებებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების დასაცავად. დეტალურად შემიძლია ვისაუბრო თითოეულ მათგანზე, თუმცა მაგალითად მოვიყვან ე.წ. „ტროტუარის კანონს“, რომლის საფუძველზეც მოქალაქეებს საჯარო სივრცეში დგომისთვისაც კი აკავებენ”, – განაცხადა ლორა თორნტონმა.




