თორნიკე ჭეიშვილი – კადრულობენ და ობსკურანტიზმის მედროშეებად წარმოგვაჩენენ – ინიციატივის არსია, საგანმანთლებლო პროგრამების ბენეფიციარობა გამარტივდეს, მეორე მხრივ კი გრანტი სუვერენიტეტზე თავდასხმის იარაღად არ იყოს გამოყენებული

ზოგიერთი იმას კადრულობს, რომ კინაღამ ობსკურანტიზმის მედროშეებად წარმოგვაჩენენ – ჩვენი ინიციატივის არსია, გარკვეული ფოკუსს ჯგუფებისთვის გამარტივდეს, რომ იყვნენ საგანმანათლებლო, კვლევითი თუ კულტურის პროგრამების ბენეფიციარები, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, გრანტი არ იქნეს გამოყენებული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე თავდასხმის იარაღად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით წარდგენისას განაცხადა.
ჭეიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა მოწოდება, რომ „ვისაც საკანონმდებლო ინიციატივის არსში კარგად გარკვევა სურს, პროპაგანდისტულ მედია საშუალებებს და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ნარატივს არ მოუსმინოს, რაც ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელებში ჰედლაინების სახით ტრიალებს“.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, მაგალითად, „კანვასის“ და აკერმანის ტრენინგები. ზოგიერთს რომ ჰკითხო, ამ ტრენინგების ფარგლებში ცოდნის გაზიარება ხდებოდა, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, ვის რა ცოდნას უზიარებდნენ! აქ ყველაფერი ნათელია და საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს.
კანონპროექტის სულისკვეთებაა, რომ მათ შორის ქართველი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის გამარტივდეს იყვნენ ისეთი პროგრამების ბენეფიციარები, როგორიცაა ევროკავშირის შესაბამისი გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამები, პროგრამები კულტურის დარგში და ასე შემდეგ. როცა ამას ვამარტივებთ, ზოგიერთი იმას კადრულობს, რომ კინაღამ ობსკურანტიზმის მედროშეებად წამოგვაჩენენ, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია!“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა, მეორე მოსმენით 85-ხმით მიიღო.
პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული იყო მხოლოდ ის, რომ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, “ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა “ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში განხორციელებული გრანტები მთავრობისგან თანხმობის გაცემის ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება.
პროექტი განხილვის პროცესში გადამუშავდა და ცვლილებები კანონის სხვა მუხლებსაც შეეხო. კერძოდ, დამატებით შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, ასევე სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების და “სხვა სახის დახმარების ფორმით“ გრანტად იქნება მიჩნეული. გარდა ამისა, იმ სფეროთა ჩამონათვალს, რა მიმართულებითაც გრანტი შეიძლება გაიცეს, თავდაცვა და უსაფრთხოება დაემატა.
კანონპროექტის გადამუშავებული რედაქციით, ჩასწორდა გრანტის გამცემ დონორთა ჩამონათვალი და მათ სიას “აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია“ დაემატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებისმიერი სახსრები გრანტად იქნება მიჩნეულნი.
კორექტირებული კანონპროექტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი იქნება როგორც წერილობითი ხელშეკრულება დონორსა და გრანტის მიმღებს შორის, ასევე უცხოური გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია. უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.