ქალბატონ სოფიო ხორგუანს ჰქონდა ჩემდა გასაკვირად რეპლიკა, რომ შინაარსს არ შევეხოთ, შინაარსზე არ ვისაუბროთო და შინაარსში ჩვენ ვგულისხმობთ 174-ე პრიმა მუხლს, რომელზეც თქვენ საუბრობთ და რომელიც გამოტანილი გაქვთ განსახილველად. მგონი, სწორედ შინაარსზე უნდა ვისაუბროთ იმიტომ, რომ აქ არის მთელი რიგი დეტალები, რამაც ძალიან ბევრ კითხვას შეიძლება გასცეს პასუხი, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თქვენ რა დამოკიდებულება შეიძლება გქონდეთ ძალადობრივი შეკრება-მანიფესტაციის მიმართ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, გახარიას პარტიის წევრების მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ განხილვისას.
ჭეიშვილის განცხადებით, საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოსთვის” მიერ შემოთავაზებული ამნისტია, “შეკრება-მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-11 მუხლში არსებულ აკრძალვას შეეხება, ხოლო, მომხსენებელი, სოფიო ხორგუანი ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს, ეს ნორმა არავითარ ძალადობრივ კონტექსტს არ მოიცავს.
როგორც მან აღნიშნა, ხორგუანი შინაარსს მიზანმიმართულად გაურბის, ვინაიდან, როცა ადამიანი პიროტექტნიკით და “მოლოტოვის კოქტეილით” მიდის აქციაზე, ნათელია, თუ რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს მას.
“ჩემი კითხვა ძალიან კონკრეტულია. როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ ამ მუხლს საერთო არაფერი აქვს ძალადობრივ კონტექსტთან და ძალადობრივი შინაარსის აქციასთან, შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლში, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტში, არის თუ არა იმაზე საუბარი, რომ აკრძალულია, შეკრება-მანიფესტაციაზე მონაწილე პირი მივიდეს ცეცხლსასროლი იარაღით, ადვილად აალებადი ნივთიერებით, პიროტექნიკით და სხვა მსგავსი საგნებით, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს უკვე სწორედაც ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად? თავსი მხრივ, თქვენ მიერ ახლა შემოთავაზებული ამნისტია იმ ნორმას შეეხება თუ არა, რომელიც შინაარსობრივად არის დაკავშირებული ჩემ მიერ ხსენებულ პიროტექნიკის აკრძალვასთან? ეს ხომ მიზეზ-შედეგობრივი საკითხია.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შინაარსს მიზანმიმართულად გაურბიხართ და ცდილობთ, წარმოადგინოთ, რომ ეს არის ნორმა, რომელიც არავითარ ძალადობრივ კონტექსტს არ მოიცავს და მხოლოდ იმ ადამიანებზე ლაპარაკობთ, რომლებსაც არაფერი მსგავსი არ განუხოცრიელებიათ. არადა,როცა ადამიანი მიდის პიროტექტნიკით და “მოლოტოვის კოქტეილით” აქციაზე, მგონი, ძალიან მარტივი გასაგებია, რა მიზანი შეიძლება მას ამოძრავებდეს. თქვენ სწორედ ამ ჯგუფზე საუბრობთ ახლა, ტრიბუნიდან და მაშინ, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე. თუ ეს [ინიციატივა] გამოიტანეთ, გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ დიახ, თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას. ეს, დაახლოებით იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას და მთელი კამპანიები იყო ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, ისაუბრეთ ამაზე ღიად და მერე უკვე საზოგადოება გააკეთებს შესაბამის დასკვნებს,” – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.