პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თურქეთში სამკურნალოდ გადაყვანა ოჯახის სურვილით მოხდა.
მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო.
„ოჯახის მოთხოვნით, წუხელ, ღამის 02:00 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში, საჰაერო გზით. აბსოლუტურად მათი თხოვნა იყო. მანამდეც იყო საუბარი ამ თემაზე. გუშინ ამის შესახებ არ გვითქვამს, რადგან ჩამოყალიბებული არ იყვნენ. გვიან ღამით მიიღეს გადაწყვეტილება, თავად გამოიძახეს რეანიმობილი, თვითმფრინავი იქიდან ჩამოფრინდა და თორნიკე რიჟვაძე გადაიყვანეს. მდგომარეობა იყო აბსოლუტურად სტაბილური. კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული ჰქონდა პარამეტრები, თუმცა მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ, რადგან გადაყვანა უნდოდათ და საჰაერო ფრენის დროს მოხსნა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტია, აპარატულ სუნთქვაზეა, მაგრამ გაუმჯობესებული იყო პარამეტრები, იყო აბსოლუტურად კონტაქტური. ოჯახის მოთხოვნით მოხდა გადაყვანა. გუშინ არც ლევან რატიანმა და არც ბატონმა პრემიერმა არ თქვეს, რადგან ჩამოყალიბებული არ იყო ოჯახი. მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ. სტაბილურად იყო, სხვანაირად არ წაიყვანდნენ, რადგან უნდა ეფრინა. აბსოლუტურად სტაბილური პარამეტრები ჰქონდა, ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით წაიყვანეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევეწინააღმდეგოთ ოჯახს. ოჯახს როგორც სურს, ისე უნდა უმკურნალონ, ეს მათი უფლებაა“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი.
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
1tv.ge
