თორნიკე რიჟვაძე – 2024 წელს აჭარაში 125 საჯარო სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება, აჭარის განათლების სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი – 140 მლნ ლარით განისაზღვრა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას თორნიკე რიჟვაძემ განათლების სფეროს მიღწევებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რეგიონში განათლების ხარისხის ზრდის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნის და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია.
,,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2024 წლის ბიუჯეტი – 140 621 000 ლარით განისაზღვრა. განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის შექმნის, კადრების მომზადების, ახალგაზრდების ხელშეწყობის მხრივ.
აღსანიშნავია, რომ აქტიურად გრძელდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება.
2024 წელს ჯამში 125 საჯარო სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2024 წელს 40 მლნ ლარი გამოიყო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ზოგადი საბაზისო განათლების კუთხით სკოლებში საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება ხორციელდება. თანამედროვე სასკოლო ინვენტარით 26 საჯარო სკოლა აღიჭურვა. 2024 წელს პროგრამის ბიუჯეტი 3 075 000 ლარია. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 20 საჯარო სკოლის სასკოლო ინვენტარით და ტექნოლოგებით აღჭურვა, 10 სკოლის სასკოლო ლაბორატორიით; აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობის დაწყებაზე. ამასთან, პროექტი 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 17 მლნ ლარს შეადგენს, 2024 წელს დასრულდება.
თორნიკე რიჟვაძემ, ასევე, ისაუბრა სტუდენტთა დახმარების პროგრამაზე. აღნიშნა, რომ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2023 წელს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სწავლება 954 სტუდენტს დაუფინანსდა. ასევე, სტუდენტთა მოტივაციის გაზრდის მიზნით დაფინანსდა 70% – 100% გრანტის მფლობელი 131 პირველკურსელი.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით გამოყო უმაღლესი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების და სტუდენტების სწავლის დაფინანსების კუთხით მიმდინარე პროექტები.