თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში გადავიდა

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში გადავიდა. წყაროების თანახმად, ოჯახი თურქეთიდან გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა და რიჟვაძე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. იმავე ცნობით, შემთხვევის შემდეგ მას ერთ თვალში ხედვა დაკარგული აქვს.
გამოცემა ასევე წერს, რომ რიჟვაძის შვილები, რომლებიც ს მერვე საჯარო სკოლაში არიან რეგისტრირებული, სასწავლო პროცესში არ მონაწილეობენ. სკოლის დირექტორმა დაადასტურა მათი არდასწრება, თუმცა აღნიშნა, რომ 30-პროცენტიანი გაცდენის ლიმიტი ჯერ არ ამოწურულა.
27 ოქტომბერს ალექსი ახვლედიანმა განაცხადა, რომ რიჟვაძე საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით მურმან დუმბაძემ თქვა, რომ მას თურქეთიდან ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გრძელდება, ხოლო ახვლედიანს, რომლის იარაღიდანაც მოხდა გასროლა, ბრალი 238-ე მუხლით აქვს წარდგენილი. იგი 30 000-ლარიანი გირაოს ქვეშ იმყოფება.