თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ავარიული სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ს მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში ავარიული სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 8 სართულიანი საცხოვრებელი შენდება. ასევე, მაიაკოვსკის ქუჩაზე დაიწყო მშენებლობა, სადაც 12 სართულიანი კორპუსი აშენდება.
მათი ცნობით, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ავარიული სახლების ჩანაცვლების საჭიროების მქონე ყველა პირს, 3000 ოჯახს, ეტაპობრივად გადაეცემა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო სახლები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დათქმულ ვადებში მოხდეს პროექტების დასრულება, რომ ბათუმელებს და მათ ოჯახებს, არ უწევდეთ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება.
,,ბათუმისთვის, ბათუმელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ავარიული მრავალბინიანი სახლები და ძველი კორპუსები იყო. მოხარული ვარ, რომ აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა აჭარის მთავრობის და ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით, რომლის ფარგლებშიც შენდება ახალი საცხოვრებელი სახლები. შემდეგი 3 წლის განმავლობაში, 3000 ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. უკვე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი, ყველას, საერთო ამოცანაა, რომ დათქმულ ვადებში შევძლოთ ამ პროექტების დასრულება, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ბათუმელებს, მათ ოჯახებს, მათ შვილებს არ უწევდეთ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 მრავალბინიანი სახლის მშენებლობა დასრულდა. ასევე, 11 მისამართზე ავარიული სახლების რეაბილიტაციაც დასრულდა.
ბათუმში ავარიული სახლების მშენებლობის პროცესს ადგილზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობისა და საკრებულოს წევრები გაეცნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?