თორნიკე რიჟვაძეს ერთი ჭრილობა აქვს და საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც თორნიკე რიჟვაძე გადაიყვანეს, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ რიჟვაძეს ერთი ჭრილობა აქვს, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია.
„გვიან ღამით შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში ბატონი თორნიკე. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული. ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული, შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები, ქირურგიული ოპერაცია იქვე, ადგილზე. ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდა საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ საჭირო პარამეტრები აღდგენილიყო. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ვინაიდან მძიმე ტრავმები აქვს. ყველაფერი უკეთდება, რაც საჭიროა სიცოცხლის გადარჩენისთვის. ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის. ერთი ჭრილობა აქვს და საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით მიმდინარეობს. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებულია ალეკო ახვლედიანი.
მომხდარის შემდეგ საგარეჯოში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო სიტუაციას შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე. კახეთში ჩავიდა ჯანდაცვის მინისტრიც, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა.
„ქრონიკამ“ მოიპოვა წერილი, რომელიც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და „ბარიგების“ მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა „მისი დავალებით მოქმედებდა“. მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლის იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა.