თორნიკე გოშაძის საქმეზე გამომძიებელმა უარყო, რომ გოშაძის სახლში მისვლისას პოლიციელის ფორმის ნაცვლად, GWP-ის ფორმა ეცვა – მისი ინფორმაციით, სახლიდან ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და დროშა ამოიღეს

როდესაც თორნიკე გოშაძესთან მიხვედით სახლში, რატომ გახდა საჭირო, პოლიციელის ფორმის ნაცვლად, GWP-ის ფორმა გცმოდათ? – ამ კითხვით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე გოშაძის ადვოკატმა ნინა ლომინაძემ გამომძიებელ ლევან აბესაძეს მიმართა.
მან ადვოკატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიციის ფორმით იყო წარდგენილი, ასევე, ბრადებულს სასამართლოს განჩინება წარუდგინა და უფლებები განუმარტა.
„სასამართლოს განჩინებით მივედი და GWP-ის ფორმა მეცვა?”,- მიმართა მან ადვოკატს.
მას ლომინაძემ ჰკითხა, გოშაძის სახლის ჩხრეკისას თუ რა ნივთები ამოიღო.
„ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომელიც აქციის მიმდინარეობისას ეცვა, დროშა”,- განაცხადა გამომძიებელმა.
ადვოკატმა მას ჰკითხა, დროშა რა ნიშნით ამოიღო, თვლიდა თუ არა, რომ კანონსაწინააღმდეგო იყო.
„დროშა არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო საგანს, ის შეიძლებოდა საგამოძიებო ორგანოსთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ყოფილიყო, ისევე როგორც სამოსი, ეს ამოვიღეთ იმის დასადასტურებლად, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა თორნიკე გოშაძე აქციაზე“,- განაცხადა გამომძიებელმა.
მას კითხვებით მიმართა თორნიკე გოშაძემ. მანაც ჰკითხა გამომძიებელს, თუ რაში დაჭირდა ტყუილი, რომ ის წყალკანალიდან იყო მისული და არა პოლიციიდან, რაზეც აბესაძემ უპასუხა, რომ მას „ასეთი რამ არ უთქვამს“.
„ვისაც დროშა ეკიდა, ყველა იყო აქციაზე?”- ჰკითხა მას კვლავ ბრალდებულმა, რასაც გამომძიებელმა ვრცლად უპასუხა.
„იმ კონკრეტული აქციებისთვის კონკრეტული ჩაცმულობა იყო დამახასიათებელი. აქცია ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხს ეხებოდა, აქციის მონაწილეების უმეტესი ნაწილი სხვადახვა დროშას – საქართველოს, ევროკავშირის, უკრაინის დროშას იყენებდა. ეს დროშა შეიძლებოდა ყოფოლიყო მტკიცებულება, რომელიც თქვენს აქციაზე ყოფნას დაადასტურებდა“, – უპასუხა გამომძიებელმა გოშაძეს, რომელმაც მოწმეს კიდევ ერთი კითხვით მიმართა.
„ახლაც ხომ არ გაქვთ სურვილი, როგორც განყოფილებაში გქონდათ სურვილი, სახეში შემოგერტყათ?“, – ჰკითხა გოშაძემ გამომძიებელს, რაზეც აბესაძემ უპასუხა, რომ „მსგავსი სურვილი მას არც მაშინ ჰქონია და არც ახლა აქვს“.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.