„თორელის მარანი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს – სად გაიყიდება?

საოჯახო მეღვინეობა „თორელის მარანი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-თან მცირე ბიზნესის თანადამფუძნებელმა, ნიკა ჯავახიშვილმა ისაუბრა.
„თორელის მარანი“ საგურამოში მდებარე საოჯახო ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ამ დროისათვის, მეღვინეობაში 6 სახეობის ქვევრის კახური, ქართლისა და იმერული ღვინოები იწარმოება და მარანში მუდმივად 6 ადამიანია დასაქმებული. საოჯახო მეღვინეობის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, მათი ღვინოს ძირითადი წილი ევროპაში, კერძოდ გერმანიასა და ჰოლანდიაში იყიდება. წელს კი, მეღვინეობა იტალიის, ჩეხეთისა და სკანდინავიის ბაზრებს განიხილავს.
„მცირე მარანი ვართ, რომელიც წელიწადში 5000 – 10000 ბოთლ ღვინოს ასხამს. გვაქვს როგორც კახური ჯიშები, ასევე ქართლის და იმერული ჯიშები. ვენახები არ გვაქვს, ყურძენს მეგობარი ფერმერებისგან ვიბარებთ. ჰოლანდიაში საწყობი გვაქვს, საიდანაც ევროპის მასშტაბით ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ღვინის გაგზავნა. ანუ იმპორტიორი თავად ვარ, შესაბამისად, ღვინოს ძირითადად ევროპის ბაზარზე ვყიდით, კერძოდ გერმანიასა და ჰოლანდიაში. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია რამდენიმე ღვინის ბარსა და რესტორანში იყიდება. თუმცა, ჩვენი მიზანი მაინც ევროპულ ბაზრებზე პროდუქციის გაყიდვაა.
ახალ საექსპორტო ბაზრებთან გვაქვს მოლაპარაკებები. დაინტერესებული არიან ღვინის ბარები. წლის განმავლობაში ექსპორტზე აუცილებლად უნდა გავიდეთ. ვაპირებთ იტალიის, ჩეხეთისა და სკანდინავიის ბაზარზე გასვლას, თუმცა სკანდინავიის შემთხვევაში, აქ ცოტა ბიუროკრატიული საკითხებია მოსაგვარებელი. მიზანი, ევროპის მასშტაბით ჰორეკა სექტორის ათვისებაა “, – ამბობს ჯავახიშვილი.
რაც შეეხება ღვინის ფასს, “თორელის” ღვინის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე 40 ლარის ფარგლებშია, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე 10 ევროდან ზევით.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კომპანია ექსპორტის დივერსიფიცირებას გეგმავს, წარმადობის ზრდა დღის წესრიგში არ დგას, რათა მარანმა ხარისხი შეინარჩუნოს.