თომას ბახი თანამდებობას 2025 წლის ივნისში დატოვებს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა აღმასრულებელ საბჭოს IOC-ის წევრობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. IOC-ის ცნობით, ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად, გადაწყვეტილება ძალაში შევა 23 ივნისს – ახალი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემის დღეს.
ბახი IOC-ის წევრად აირჩიეს 1991 წელს, 1996 წელს კი შევიდა ორგანიზაციის აღმასკომში. გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი, შემდგომში კი წარმატებული მოხელე IOC-ის მეცხრე პრეზიდენტად 2013 წლის 10 სექტემბერს აირჩიეს, 2021 წლის 10 მარტს კი ხელახალი ოთხწლიანი ვადით გააგრძელა საქმიანობა პრეზიდენტის პოსტზე. ბახმა 2024 წლის აგვისტოში
განაცხადა, რომ თანამდებობაზე ახალი ვადით კენჭს არ იყრის. IOC-ის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება 20 მარტს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 144-ე სესიაზე, რომელსაც ოლიმპია (საბერძნეთი) უმასპინძლებს.
IOC-ის პრეზიდენტობის მსურველი შვიდია. მათ შორის არიანმსოფლიო მძლეოსნობის (World Athletics) პრეზიდენტი, ბრიტანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იაპონელი მორინარი ვატანაბე, ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის (UCI) ხელმძღვანელი და საფრანგეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი დავიდ ლაპარტიენი, თხილამურობისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) პრეზიდენტი, შვედი იოჰან ელიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი და IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები – იორდანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ჰუსეინი და ცურვაში ზიმბაბველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კირსტი ქოვენთრი.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
