ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ვრცელი პუბლიკაცია თორნიკე შენგელიას შესახებ, რომელშიც მოთხრობილია ამბები B დივიზიონიდან ევრობასკეტის მეოთხედფინალამდე.
„თორნიკე იყო იქ, როდესაც ნაკრები B დივიზიონში თამაშობდა (2009); ის იყო იქ, როდესაც საქართველომ პირველი ევრობასკეტი ითამაშა (2011); ის იყო იქ დიდი იმედგაცრუებისას (2015, ლიეტუვასთან); ის იყო იქ, როდესაც საქართველო პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე (2023); შენგელია საქართველოს ხანგრძლივი საკალათბურთო ისტორიის ნაწილია.
„ის ჩემზე მნიშვნელოვანია“, – თქვა ალექსანდრ ჯიკიჩმა საფრანგეთთან მოგების შემდეგ.
შენგელიამ გაიღიმა და განაგრძო:
„ვერ აღვწერ, რას ვგრძნობ ახლა. ერთადერთი ახსნა ღმერთია. ძალიან, ძალიან ვამაყობ თანაგუნდელებით“.
მან საფრანგეთთან 24 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ბევრი „ანდერდოგი“ დაბნეულა გიგანტის წნეხის ქვეშ, მაგრამ საქართველომ ბოლო წუთები საფრანგეთთან ძალიან თავდაჯერებულად ჩაატარა.
„არასოდეს ვწყვეტთ ბრძოლას და არასოდეს ვკარგავთ რწმენას“, – ესეც თორნიკეს სიტყვებია.
საფრანგეთთან ბოლო წუთების სურათი ასეთი იყო: მიეცით ბურთი შენგელიას და დანარჩენი მან იცის.
„ის, რასაც თოკო აკეთებს აქამდეც მინახავს. ჩემთვის გასაკვირი არაფერია, თუმცა დიდებულია ამის ყოველდღე ხილვა“, – ამბობს კამარ ბოლდუინი ღიმილით.
საქართველოს ნაკრებს ამ ევრობასკეტზე აქვს აღმავლობა და დაღმავლობა, მაგრამ ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთსა და საფრანგეთს შემთხვევით ვერ დაამარცხებ.
„შესაძლოა, ბევრ ნაკრებს ჰყავდეს ჩვენზე უკეთესი შემადგენლობა. თუმცა როდესაც გუნდში ერთიანობაა, ყველა ერთმანეთისთვის ვიბრძვით, ერთმანეთის გვჯერა, აუცილებლად ვიმარჯვებთ. თუ ამ კომპონენტების ერთიანობა არ არის, წააგებ“, – ამბობს 33 წლის კაპიტანი.
შენგელია ამბობს, რომ გახარებულია, მაგრამ არა – კმაყოფილი. ან როგორ უნდა დაკმაყოფილდეს მიღწეულით, როდესაც პოდიუმის სუნს გრძნობს – მედალს ორი მოგება აშორებს.
პირველი არხი
