თინა ხიდაშელი – საქართველოს არჩევნები, მსოფლიოში თითქმის ყველა საარჩევნო კალენდარში შეტანილია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირის არჩევნების გვერდით, რაც მიანიშნებს მის მნიშვნელობას

საქართველოს , მსოფლიოში თითქმის ყველა საარჩევნო კალენდარში შეტანილია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირის არჩევნების გვერდით, რაც თავისთავად მიანიშნებს მის მნიშვნელობას – არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი როდისმე თუ დადგება ქვეყანაში, ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა,- ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე” განუცხადა, სადაც განხილვის თემა საქართველოში 2024 წლის არჩევნებიც იქნება.
მისი თქმით, წლევანდელი არჩევნების მნიშვნელობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ უკვე საუბარია საქართველოზე, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაზე.
“საქართველოს არჩევნები, მსოფლიოში თითქმის ყველა საარჩევნო კალენდარში შეტანილია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირის არჩევნების გვერდით, რაც თავისთავად მიანიშნებს მის მნიშვნელობას. ამის მთავარი მიზეზი დასავლეთ ევროპისთვის ისაა, რომ საუბარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის არჩევნებზე. შესაბამისად, სტანდარტიც, დამოკიდებულება და მოლოდინი პრინციპულად განსხვავებულია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. თუ იმ მაგიდასთან უნდა დავსხდეთ, სადაც ევროკავშირი გადაწყვეტილებებს იღებს, რა თქმა უნდა, იმ მაგიდასთან მხოლოდ ლეგიტიმური ლიდერები უნდა იყვნენ. ამიტომ, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი როდისმე თუ დადგება ქვეყანაში, ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა.
მეორე საკითხია ის, რომ ევროკავშირმა 9 მოთხოვნაში არჩევნების დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში ჩატარების მოთხოვნა დაგვიყენა. სხვა რომ არაფერი ხდებოდეს, ეს ფაქტორი თავისთავად საკმარისი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნები პრინციპულად განსხვავებულად მნიშვნელოვნად გამოცხადებულიყო. ამას ემატება ის კონტექსტიც, რომ მოქმედი ხელისუფლება ამ არჩევნებზე მესამე რაუნდზე მიდის. ისევ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის იბრძოლებს. პუტინის, ლუკაშენკოს, ალიევის და ასეთი ლიდერების მსგავსად, რომლებიც მუდმივობაში არიან ხელისუფლებაში, ასეთი სუნი უდის ამ არჩევნებს და ეს ხიფათიც არსებობს, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა არჩევნებთან, არამედ ფორმალურ პროცედურასთან, რომელიც უნდა გაიმართოს. ორ კვირაში რუსეთშიც წავა 120 მლნ ადამიანი ხმის მისაცემად, მაგრამ არავინ უყურებს ამ პროცესს როგორც არჩევნებს”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.