თინა ხიდაშელი – იქნებ სწრაფად ხდება კოალიციური შეთანხმების მიღწევა, მაშინ რაში გვჭირდება ტექნიკური მთავრობა? არ ჯობია, გვყავდეს პარტიების პასუხისმგებლობა აღებული მთავრობა? ის მაინც გვეცოდინება, ვის მოვთხოვოთ პასუხი

ამოცანა, რომელიც პრეზიდენტმა წარმოაჩინა, როგორც უპირველესი და უმნიშვნელოვანესი, რომ მთავრობა იყოს ნეიტრალური, ძალიან გაუგებარია – იქნებ საერთოდ არ გვაქვს არავითარი პრობლემა და ძალიან სწრაფად ხდება კოალიციური შეთანხმების მიღწევა, მაშინ რაში გვჭირდება ტექნიკური მთავრობა? – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ლიდერმა, თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა ისეთ პროცესში შედის, რომ წარმოუდგენელია ეს პროცესი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან დაცლილი იყოს.
„ერთია პრემიერზე შეთანხმება და მეორეა როგორ ხდება მთავრობის ფორმირება. უამრავი ფორმულა არსებობს, რომ მთავრობის შემადგენლობაში ერთობლივად აისახოს როგორც ამომრჩევლის ნება, ასევე ის ამოცანა, რომელიც პრეზიდენტმა წარმოაჩინა, როგორც უპირველესი და უმნიშვნელოვანესი, რომ მთავრობა იყოს ნეიტრალური. საერთოდ ეს ნეიტრალური მთავრობა ძალიან გაუგებარია. ტექნიკურ მთავრობას აქვს თავისი ფუნქცია, თავისი ინსტრუმენტალიზაცია. იქნებ საერთოდ არ გვაქვს არავითარი პრობლემა და ძალიან სწრაფად ხდება კოალიციური შეთანხმების მიღწევა, მაშინ რაში გვჭირდება ტექნიკური მთავრობა? არ ჯობია, რომ გვყავდეს ჩვეულებრივი, პარტიების მხრიდან პასუხისმგებლობა აღებული მთავრობა? ის მაინც გვეცოდინება, ვის მოვთხოვოთ მერე პასუხი, როდესაც საქმე გაფუჭდება. იმედია, რომ არ გაფუჭდება, მაგრამ თუ გაფუჭდება. ტექნიკური მთავრობა რომ გვეყოლება და პრეზიდენტი გვთავაზობს, რომ ერთ წელიწადში ჩავატაროთო, ეს ერთი წელია ჩვენთვის კრიტიკული და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ის ამბობს, რომ ეს ტექნიკური მთავრობა იმიტომ გვინდა, რომ ევროკავშირში დაბრუნების პროცესი დააჩქაროს და დანარჩენი ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტოთო. რომ ვერ დააჩქაროს ვის მოვთხოვოთ პასუხი? პრეზიდენტი აღარ იქნება. არ ვიცი ისევ აირჩევენ თუ არა, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით რომ ვთქვათ, დეკემბერში ვადა გასდის და ახალი არჩევნებია. ტექნიკურ მთავრობას, რაზეც პრეზიდენტი გველაპარაკება, არცერთი პოლიტიკური პარტია არ უდგას უკან და ანუ რა ხდება, „ხელები დამიბანია?“ ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია გამოვიდეს, ხელი გაიშვიროს და ვიღაცას გადააბრალოს თუ ამ პროცესში შედეგი არ გვექნება?
ჩვენ ისეთ პროცესში შევდივართ, ისეთი სწრაფი და ფორსირებული ტემპით გვექნება რეფორმები გასაკეთებელი, რომ მე საერთოდ წარმოუდგენელი მგონია, როგორ შეიძლება ეს პროცესი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან დაცლილი იყოს. ყველას ვეკითხები, ვინც ამ იდეის ლობისტები არიან: ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი ერთი წლის თავზე? ვიღაცას რომ აძლევ ხმას, ის შენთან ანგარიშვალდებული უნდა იყოს და უნდა იცოდეს, რომ თუ დაპირებას არ შეასრულებს ან ჩავარდება პოლიტიკა, რომელსაც ატარებს, მაშინ დაემშვიდობებიან და ნდობას აღარ გამოუცხადებენ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი ბრეგაძე – პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს – პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც შეშურდებოდა მათი