თინა ხიდაშელი – თუ ვლაპარაკობთ ადგილობრივ არჩევნებზე კრიზისულ ვითარებაში, რომ ქვეყანა გადასარჩენია, ოპოზიციამ ერთი ერთზე არჩევნები უნდა უზრუნველყოს – არგუმენტები 7 და 9 კანდიდატის თაობაზე მერის არჩევნებში არ არსებობს

საქართველოს მიმართ მიდგომა არ იქნება სტანდარტული მდგომარეობიდან მიდგომა და იქნება ისე, როგორც ეს ს შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს ბელორუსის შემთხვევაში მოხდა და გაცილებით ადრე დასრულდება ეს პროცესი , – ქამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ წლის ბოლომდე აღნიშნული აქტი არ იქნება და ამასობაში ადგილობრივ არჩევნებს გადააგორებენ, თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანა არ იმყოფება სტანდარტულ პირობებში და, შესაბამისად, პროცედურები არასტანდარტული ვადებით განისაზღვრება.
“არსებობს სხვადასხვა ვერსია, მერე სპეკულაციები ამ ვერსიების შესახებ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნების“ მომხრეები იმედიანად არიან, რომ წლის ბოლომდე ეს აქტი არ იქნება, არის ის, რომ როგორც წესი, სტანდარტულ მდგომარეობებში, არა კრიზისულ მდგომარეობებში მსგავსი ტიპის აქტების კონგრესში საბოლოოდ ძალაში შესვლის მომენტი დგება ხოლმე NDAA-სთან ერთად. NDAA არის ის აქტი, რომლის შესახებაც ბევრი იცის ქართულმა საზოგადოებამ იმიტომ, რომ ყოველი წლის ბოლოს ვგულშემატკივრობდით ხოლმე საქართველოს გაჩენას ამ ეროვნული უსაფრთხოების აქტში, ქართული ჯარის დახმარების პროგრამები იქიდან მოდიოდა ხოლმე, უსაფრთხოების დახმარების პროგრამები იქიდან მომდინარეობდა, მოკლედ, ეს არის საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და, როგორც წესი, ამ ტიპის აქტები, რომლებიც ითვალისწინებს ან რაღაც პროგრამის დამატებას ქვეყნისთვის ან პირიქით – სანქციების დაწესებასა და პროგრამების გაყინვას, ამ ერთიანი აქტის ნაწილი არის ხოლმე, მაგრამ ეს, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, სტანდარტულ მდგომარეობებში. ჩვენ ახლა არ ვართ სტანდარტულ მდგომარეობაში, ჩვენ გვაქვს კრიზისი და აგერ, წლის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატამ მიიღო აქტი.
მე ზუსტად ვიცი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ვადების დაცვა არ მოხდება, მაგრამ როდესაც ისინი (“ქართული ოცნების”) წარმომადგენლები შემოდგომაზე ლაპარაკობენ, ზოგი იმიტომ, რომ არ იცის და ჰგონია, რომ მხოლოდ ასე ხდება და ზოგი იმიტომ, რომ შეგნებულად ცრუობს ან არ აქვს ინფორმაცია, ფიქრობს და იმედი აქვს, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებს გადააგორებენ, მერე სამი წელი აღარ აქვთ და ამიტომ, მთავარია ადგილობრივი არჩევნები მივატანოთ და ის გადავაგოროთ და მერე ჯანდაბასაც წაუღია ამერიკაც და ყველა, რაც უნდათ, ის მიიღონ, აღარ გვაინტერესებს – ასეთია მათი დამოკიდებულება, მაგრამ მე შემიძლია დავარწმუნო ისინი, რომ ეს ყველაფერი მანამდე მოხდება და საქართველოს მიმართ მიდგომა არ იქნება სტანდარტული მდგომარეობიდან მიდგომა და იქნება ისე, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს ბელორუსის შემთხვევაში მოხდა და გაცილებით ადრე დასრულდება ეს პროცესი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
კითხვაზე, უზრუნველყოფს თუ არა „MEGOBARI აქტი“ ახალ არჩევნებს, ხიდაშელმა უპასუხა, რომ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელმაც უნდა მოამწიფოს ვითარება, როდესაც “ქართულ ოცნებაში” ვიღაც მიხვდება, რომ იზოლაციის ფონზე ქვეყანა ჩამოეშლებათ.
“არ არსებობს ერთი მიზეზი და ერთი მოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს ახალ არჩევნებს, მაგრამ ეს არის ერთობლიობა სხვადასხვა ფაქტორის, რომელშიც პირველი და დომინანტი როლი ეკისრება ქართველ ხალხს, ქართული საზოგადოების პროტესტის მასშტაბსა და მზაობას, რომ გააგრძელოს ბრძოლა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია დასავლეთისა და ჩვენი პარტნიორების ზეწოლა. ერთობლიობაში ამან უნდა მოამწიფოს ის ვითარება, როდესაც ვიღაც მიხვდება “ქართულ ოცნებაში” ან თავად ივანიშვილი მიხვდება, ან ვიღაც ისეთი მიხვდება, ვისაც მიესვლება და ეთქმის მისთვის სიტყვა, რომ ქვეყანა, უბრალოდ, ჩამოეშლებათ იზოლაციის ფონზე, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით და ეს იზოლაცია კიდევ უფრო დამძიმდება”, – აღნიშნა მან.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას, ერთი საერთო კანდიდატი უნდა წამოაყენონ, რადგან ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავდება და ხმები პროპორციულად არ შეიკრიბება.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატს არ წამოაყენებს, ოპოზიციონერები ხმებს ერთმანეთს წაართმევენ.
“ადგილობრივი არჩევნები, განსაკუთრებით მერის არჩევნები, თავისი არსით, განსხვავებულია საპარლამენტო არჩევნებისგან იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ერთი, მაჟორიტარული არჩევნები გვაქვს და მეორეც, მერის არჩევნები ეს არის კონკრეტული, ინდივიდუალური კანდიდატის არჩევნები, იქ პროპორციულად ხმების გადანაწილებაზე არ არის საქმე. თუკი საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ არ გვქონდა პრობლემა იმის, რომ ერთი ოპოზიციური ბლოკი არ იყო იმიტომ, რომ სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანდა პოტენციალი, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ლახავდნენ ბარიერს, ამიტომ ბარიერის პრობლემა არ იდგა, შესაბამისად, საუბარი იყო მუდმივად კოალიციურ მმართველობაზე, თითქმის მივიდა რაღაც კოალიციურ შეთანხმებამდეც ეს საკითხი, ამიტომ არავითარი პრობლემა არ იყო, რომ სამი-ოთხი სუბიექტი თუ იყო ოპოზიციურ სპექტრში, რადგან მათი ხმები არ დაიკარგებოდა და საბოლოო ჯამში, ჯამურად მათი უმრავლესობა მოგვცემდა ხელისუფლების ცვლილებას, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ერთი ერთზე არჩევნებზე, მაგალითად ქალაქის ერთი მერი არის ასარჩევი, აქ ვითარება პრინციპულად განსხვავებულია. აქ ყველა სხვა კანდიდატი ხმას ართმევს იმას, ვინც არის გამარჯვების შემძლე. თუ ვლაპარაკობთ ადგილობრივ არჩევნებზე კრიზისულ ვითარებაში, როცა ყველა შეთანხმებული ვართ, რომ ქვეყანა გადასარჩენია, მაშინ მე მგონია, რომ ერთი ერთზე არჩევნები უნდა უზრუნველყოს ოპოზიციამ. ეს ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, თუ გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. არავითარი არგუმენტები შვიდი და ცხრა კანდიდატის თაობაზე მერის არჩევნებში არ არსებობს იმიტომ, რომ აქ განაწილებული ხმები ერთმანეთს არ ეხმარება, ეს არის წართმევა ოპოზიციური ხმების, ოპოზიციური კანდიდატების მიერ ერთმანეთისთვის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.