თინა ხიდაშელი – დღეს, ჩვენ ვართ “ჯუნიორი” ქვეყანა, რომელიც “ოღონდ ხელი ჩამომართვი, ყველაფერზე ხელს მოგიწერ” მდგომარეობაშია – კობახიძეს სჭირდება ხელის ჩამორთმევა და ფოტოები, აღიარება რომ ვერ მიიღო სხვებისგან, ცდილობს, სამეზობლოსგან მიიღოს

სკეპტიციზმი საქართველოს მიმართ გაიზრდება. ევროკავშირს უკვე აქვს ისედაც სერიოზული პრობლემები ორი სახელმწიფოს სახით – უნგრეთისა და ს სახით, რომლებიც ხშირად ხელს უშლიან საერთო გადაწყვეტილებების მიღებას და გარწმუნებთ, იმ მრგვალ მაგიდასთან, სადაც სხედან ევროკავშირის ლიდერები, ნამდვილად არ ელოდებიან მესამე სახელმწიფოს, რომელიც იქნება ამ ერთიანი ევროპული კონსენსუსის ხელის შემშლელი, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ხიდაშელის განმარტებით, ახლა რასაც აკეთებს ხელისუფლება, მიზანმიმართულად იმ კანონმდებლობისა და ცვლილებების უკან დაბრუნებაა, რომელიც ასოცირების პროცესის ხელშეწყობისთვის გაკეთდა 2012-2016 წლის პარლამენტის მიერ.
“როდესაც ვუყურებ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტებს, რაღაც მომენტში იმდენად შეუსაბამოა ზოგიერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ცვლილებაზეა ინიციირებული იმ პაკეტისთვის, რომელიც წარდგენილია, ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაც სხვასთან გვქონდა საქმე. მერე გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი იყო თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულებამდე შეცვლილი კანონმდებლობა, ანუ როდესაც საქართველოს პარლამენტმა 2012 წელს აქტიურად დაიწყო მუშაობა ყველა იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისთვის, რაც იყო საჭირო და სავალდებულო ასოცირების პროცესის დასაჩქარებლად.
აი, ახლა რასაც აკეთებს ხელისუფლება, სრულიად ერთმნიშვნელოვნად, მიზანმიმართულად, სისტემურად, ეს არის იმ კანონმდებლობის უკან დაბრუნება, ყველა იმ ცვლილების უკან დაბრუნება, რომელიც ასოცირების პროცესის ხელშეწყობისთვის გაკეთდა 2012-2016 წლის პარლამენტის მიერ.
ეს არის ძალიან დამაზიანებელი პროცესი, ამ ნდობის დაბრუნებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება და ამასობაში, სკეპტიციზმი საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ევროკავშირს უკვე აქვს ისედაც თვითონ სერიოზული პრობლემები ორი სახელმწიფოს სახით – უნგრეთისა და სლოვაკეთის სახით, რომლებიც ხშირად ბლოკავენ საერთო კონსენსუსს, ხელს უშლიან საერთო გადაწყვეტილებების მიღებას და გარწმუნებთ, იმ მრგვალ მაგიდასთან, სადაც სხედან ევროკავშირის ლიდერები, ნამდვილად არ ელოდებიან მესამე სახელმწიფოს, რომელიც იქნება ამ ერთიანი ევროპული კონსენსუსის ხელის შემშლელი და იმ ევროპული სიძლიერის მექანიზმების შექმნისთვის ხელის შემშლელი, რომელიც ახლა განსაკუთრებით სჭირდება ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროკავშირს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ასევე გამოეხმაურა პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტებს მეზობელ რეგიონებში და აღნიშნა, რომ ინვესტიციებისთვის ხელმოწერილი დოკუმენტები ხელისუფლებას პიარისთვის სჭირდება.
ხიდაშელის თქმით, მ სხვებისგან რომ ვერ მიიღო აღიარება, ცდილობს, სამეზობლოსგან მიიღოს. მისივე განმარტებით, ხელის ჩამორთმევებისა და ფოტოებისთვის, “არავინ არ იცის, რა სისულელეებზე მოაწერს კიდევ ხელს”.
“საერთოდ, ყველა ინვესტიციას მივესალმები საქართველოში და ღმერთმა ქნას, ეს სიმართლე აღმოჩნდეს, მაგრამ ამ ხელისუფლებას, დაახლოებით, 10 მილიარდზე ცოტა მეტზე აქვს ხელი მოწერილი ასეთი წინასწარი განცხადებების მემორანდუმებზე, მაგალითად, ჩინეთის სხვადასხვა კომპანიებთან და ერთი თეთრი არ გვინახავს იმ ხელმოწერილი დოკუმენტებიდან დღემდე. ერთი დოლარი არ შემოსულა იმ ჩინური ინვესტიციებიდან. ეს ხელმოწერილი მემორანდუმები ხელისუფლებას სჭირდება პიარისთვის.
იგივე სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან ურთიერთობა ჩვენთვის არის კრიტიკულად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უსტრატეგიულესი იმიტომ, რომ საქართველო იმიტომ იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში სტრატეგიული გეოგრაფიის მატარებელი ქვეყანა, რომ კასპიის ზღვიდან მომავალი რესურსებისთვის გვაქვს ეს სტრატეგიული გეოგრაფია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის შენარჩუნება, ვიზიტებიც და ის შეთანხმებებიც, რომლებსაც შეგვიძლია მივაღწიოთ, მაგრამ ჩვენ მათთან ურთიერთობაში თამამად ვიყავით მაშინ, როდესაც უკან გვედგა სტრატეგიული მეგობარი და ევროპულ გზაზე მყარად ვიდექით. დღეს ჩვენ ვართ “ჯუნიორი” – პატარა ქვეყანა, რომელიც “ოღონდ ხელი ჩამომართვი, ყველაფერზე ხელს მოგიწერ” მდგომარეობაშია. რატომ გაგიჟდა და რატომ შემოიარა ეს სამეზობლო ასე სასწრაფოდ? – იმიტომ, რომ მას სჭირდება ეს ხელის ჩამორთმევები, ფოტოები და ტექსტები, რომელშიც მიმართავენ “ბატონო პრემიერო”. ეს აღიარება სხვებისგან რომ ვერ მიიღო, ახლა ცდილობს, სამეზობლოსგან მიიღოს. ამ ამოცანის შესასრულებლად, არავინ არ იცის, რა სისულელეებზე მოაწერს ის დღეს ხელს და ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი იმიტომ, რომ როგორც კი ამ ურთიერთობაში თანაბრობას დაკარგავ და როგორც კი მეორე მხარეს უჩნდება განცდა, რომ შენზე შეუძლია, პრიორიტეტი აიღოს, აუცილებლად გამოიყენებენ ამას ჩვენი მეზობლები იმიტომ, რომ ეს ბიზნესია და ეს არ არის კეთილმეზობლობა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.