ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის თინა ხიდაშელის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე აზრები გაცვალეს, პოზიციები შეაჯერეს და ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტულ დოკუმენტზე საუბარი არ ყოფილა.
როგორც ხიდაშელმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე სწრაფად გადასადგმელ ნაბიჯებზე ერთიანობის პოვნა, მეორე მხრივ კი, საარჩევნოდ საარჩევნოდ სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა.
„ეს არის სამუშაო პროცესი. საწყის ეტაპზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პოზიციების შეჯერება და განწყობების გაზიარება ხდება. ამიტომ კონკრეტულ დოკუმენტზე არ გვისაუბრია. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ძალიან ღირებული. საქართველოს ევროპულ გზაზე სწრაფად გადასადგმელი ნაბიჯების და განსახორციელებელი რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია კონსენსუსი ვიპოვოთ, ერთიანობა ვიპოვოთ ყველა კონკრეტულ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ევროპასთან დაგვაახლოებს. მეორე მხრივ კი, არჩევნებია ჩასატარებელი, რომელსაც სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა სჭირდება, რათა საერთოდ, საარჩევნო პროცესში გამარჯვებულსა და დამარცხებულზე ვისაუბროთ. მზად ვარ, ვიყო სრულად თანამონაწილე ნებისმიერი დოკუმენტის მომზადებაში, ნებისმიერი პროცესის სრულყოფილებისთვის.
პრემიერმა ჯერ ბრიუსელიდან, შემდეგ გუშინ თბილისიდან გვითხრა, რომ 2030-ს უნდა დაველოდოთ – საქართველოს მთავრობის ამბიციები ნულოვანია. მზად უნდა ვიყოთ ხვალვე, თუ შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნება და არა 27 წლის შემდეგ“,- განაცხადა ხიდაშელმა.