„პოლიტიკურმა ოპოზიციამ ახლა უნდა აღმოაჩინოს საკუთარ თავში ძალა და გახდნენ რეალური პოლიტიკოსები”, – ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომუნიკაციების ექსპერტმა და GIPA-ს ასოცირებულმა პროფესორმა თინა სტამბოლიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზისას გააკეთა.
კომუნიკაციების ექსპერტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ რაც ჩაიდინა ქვეყნის წინააღმდეგ, ცხადია, ამიტომ ახლა მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ოპოზიციაზე, რომელიც ახალი არჩევნების შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოვა.
„ოპოზიციამ უნდა დაიწყოს საუბარი და მსჯელობა რეალურ ცვლილებებზე, რომელსაც რუსთაველზე მდგომი ხალხი ითხოვს და არა მარტო. ყველაზე მნიშვნელოვანი ორი საკითხია – შიდა და გარე უსაფრთხოების თემა ანუ როგორ ვუმკლავდებით რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს – „აბა, ომი გინდა?!“ – ამ პროპაგანდას როგორ ვპასუხობთ და მეორე – გვექნება თუ არა და როდის გვექნება თავისუფალი სასამართლო თუ ისევ შურისძიების წრეზე მივდივართ?! კიდევ ბევრი თემაა, მაგრამ ამ ორ ძირითად საკითხს თუ გაეცემა კვალიფიციური პასუხები, ეს გახდება კატალიზატორი იმისა, რომ პროტესტს შემოუერთდნენ ის ადამიანებიც, ვინც დღეს ჩუმად არიან და ხმამაღლა დაუჭირონ მხარი ცვლილებებს“, – განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.
კომუნიკაციების ექსპერტის დაკვირვებით, ახლა საქართველოში სრულიდ უნიკალური პროცესი მიმდინარეობს.
„ხალხი პირველად გრძნობს ძალას, რომ თვითონ შეუძლია დაუყენოს პოლიტიკურ აქტორებს პირობები, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება. ასევე, მოქალაქეები, ვხედავთ, რომ პოლიტიკურ აქტორებს არ სურთ ჩვენს მოთხოვნებზე კვალიფიციური პასუხის გაცემა ან არ სურთ ახაწლი წესების მიღება და როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ცდილობს ისევ იმ წესებით გააგრძელოს საქმიანობა, რაც იცის. ვფიქრობ, ალბათ ყველაზე ჭკვიანი პოლიტიკური აქტორი იქნება ის, ვინც მიხვდება, ამ ცვლილებებს როგორ აუბას მხარი. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი არ გაჩერდება, ხალხი არ გაჩერდება, რადგან ზუსტად ვიცით, რას და რატომ ვითხოვთ“, – განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით მივიდეს ეკონომიკა ახალ არჩევნებამდე.
„ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაგვეხმაროს ოპოზიცია და ბიზნეს-საზოგადოება. თუ ეს მოხერხდება, მაშინ ქვეყანა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მივა კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტამდე, რაც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში რიგგარეშე ან ახალი არჩევნებია“, – დასძინა თინა სტამბოლიშვილმა.