თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს

„გაზპრომ-მედიის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, თინა კანდელაკს, ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს „რუსული ენის შევიწროებაზე“ პოსტის გამო. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა, წერს რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური.
„სახელმწიფო ასეთ რამეს არასოდეს აპატიებს, ის ვერ ჩამოვა ყაზახეთში და თუ ჩამოვა, ვერ შემოვა“, – უთხრა ჟურნალისტებს კანდელაკთან დაკავშირებულ კითხვაზე სმადიაროვმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საწყენია, როდესაც „ჩვენმა მეგობრებმა არ იციან ჩვენი ქვეყნის შესახებ“ და რომ „ჩვენ შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვთ“.
მანამდე კანდელაკმა დაწერა, რომ „ყაზახეთში ნელა, მაგრამ ერთგულად აგრძელებენ რუსული ენის შევიწროებას სახელმწიფო დონეზე“. ასეთი დასკვნა გამოიტანა კანდელაკმა ყაზახეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, შეუცვალონ რკინიგზის სადგურებს რუსული სახელწოდებები.
1989 წლიდან ყაზახეთში სახელმწიფო ენა ყაზახურია. ამასთან, ქვეყნის კონსტიტუციით, რუსულს ოფიციალური ენის სტატუსი აქვს. სოციალურ ქსელებში კანდელაკი მკაცრად გააკრიტიკეს და შეახსნეს, რომ ყველაფერთან ერთად ყაზახეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ყაზახები თავად წყვეტენ, რა სახელები უწოდონ თავიანთი რკინიგზის სადგურებს. ამასთან, ქვეყანა იბრუნებს თავის მშობლიურ ენას, რომელიც შევიწროებული იყო საბჭოთა ხელისუფლების პირობებში.
საპასუხოდ, კანდელაკმა დაწერა, რომ „ინტერესითა და მწუხარებით“ აკვირდება თავის პოსტზე რეაქციებს და განაგრძო პროპაგანდისტული ნარატივის გამეორება „წარსული ხსოვნის“ აუცილებლობაზე, წერს “რადიო აზატიკი”.
2023 წლის ოქტომბერში ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა იმ პირთა სიის არსებობა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ აგრესიული რიტორიკისა და ქვეყნის მიმართ უარყოფითი განცხადებების გამო. ხელისუფლებას არ უთქვამს, ვინ არის სიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს