“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციასთან შეხვედრისას პარტიების აკრძალვაზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დელეგაციის ვიზიტი არის ერთგვარი მოწოდება ხელისუფლების მიმართ, რომ “რეპრესიული ნაბიჯები შეჩერდეს”.
” ყველას ახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუცია, რომელსაც ის ორი მომხსენებელი წარმოადგენს, რომლებიც დღეს საქართველოში არიან. ეს არის მოწოდება რუსული რეჟიმის მიმართ, რომ რეპრესიული ნაბიჯები შეჩერდეს. ეს არის ასევე, იმის აღიარება, რომ პარტიების გაუქმება არის საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაციის ტოლფასი. რა თქმა უნდა, ამ თემაზე იყო საუბარი, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მნიშვნელობაზე.
ჩვენი მხრივ, გარდა მომხსენებლების ანგარიშისა, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია, ასევე, საუბარი იყო სხვა კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ არის, როგორიცაა, სახელმწიფოთა შორის სარჩელი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ასევე, ანტიკორუფციული კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედება იმისთვის, რომ მაქსიმალური სამართლებრივი და ფინანსური საერთაშორისო წნეხი ამოქმედდეს ივანიშვილზე ამ რეპრესიული რეჟიმის შესაბოჭად და საბოლოოდ დასამარცხებლად”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხებოდა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.
“ჩვენ პარტიები, რომლებიც თანამომხსენებლებს შევხვდით, ვართ ისინი, რომლებმაც ბრძოლის სტრატეგია ავირჩიეთ და არა რეჟიმთან თანამშრომლობა. 4 ოქტომბერს რუსულ სპეცოპერაციაში, რომელსაც რეჟიმი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეძახდა, მონაწილეობა არ მიგვიღია, ამაზე ხაზგასმით ვისაუბრეთ. ის, რომ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა ქვეყნის შიგნით, მეტყველებს ის, რომ ისტორიულად დაბალი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აქტივობა და მოქალაქეთა მონაწილეობის რაოდენობა ამ ე.წ. არჩევნებში. ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. სწორედ ამიტომ არის, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არც საერთაშორისო აღიარება ამ ე.წ. არჩევნებს არ მიუღია”, -განაცხადა ბოკუჩავამ.




