თინა ბოკუჩავა – 15 სახელმწიფოს შეთანხმებით შესაძლებელია საქართველომ მონაპოვარი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება, დაკარგოს – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული

ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის უკან წაღება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება და ბუნებრივია, ივანიშვილის პარტია გამოიყენებს საკუთარ პროპაგანდას, რომ შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თითქოსდა ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 15 სახელმწიფოს შეთანხმების პირობებში, შესაძლებელია, საქართველომ ეს მონაპოვარი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება, დაკარგოს.
“ჩვენ, როგორც პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიცია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული ევროკავშირში, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, ხელისუფლება სულ რამდენიმე თვეში შეიცვლება და ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ უვიზო მიმოსვლის სიკეთეს, არამედ კაპიტალიზებას მოვახდენთ კანდიდატის სტატუსზე და გავხსნით მოლაპარაკებას ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ სთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი ტექნიკა და ღამისთევისთვის საჭირო საშუალებები პოლიციას აქვს წაღებული – გეგმის რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ