ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საპროტესტო მოძრაობაში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისთვის განსაკუთრებული სამიზნე გახდა , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავამ იმედი გამოთქვა, რომ „რეჟიმის მხრიდან ასეთი ქმედებები ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერისთვის, რომელიც ოპოზიციის გაერთიანების საკითხს სკეპტიკურად უყურებს, გამოფხიზლების საფუძველი გახდება“.
„სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი და თავად ზურას მოლოდინი ის არის, რომ ვერ გამოვრიცხავთ ნამდვილად სასამართლოდ წოდებული და სინამდვილეში უსამართლობის ბასტიონად ქცეული დაწესებულება რომ მიიღებს პატიმრობის გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ თეა წულუკიანის ღალატის კომისიის ერთი მიზანი არის საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერა რუსული ვერსიით, მაგრამ, ამავდროულად საზოგადოების დაშინება, რეპრესიები, ოპონენტების დევნა და ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საპროტესტო მოძრაობაში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისთვის განსაკუთრებული სამიზნე გახდა.
ზურაბ ჯაფარიძე, ისევე, როგორც მე, ყოველთვის ვადვოკატირებდით ოპოზიციის გაერთიანებას და მიგვაჩნდა და მიგვაჩნია დღესაც, რომ ერთიანობაშია რეალურად გამოსავალი და რეჟიმის დამარცხების ყველაზე მოკლე გზა გადის ოპოზიციის ძალისხმევის გაერთიანებაზე და იქნებ რეჟიმის მხრიდან ასეთი მოქმედებები ერთგვარი გამოფხიზლების საფუძველი გახდეს ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერისთვის, რომელიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს ძალთა გაერთიანების საკითხს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
