დიახ, როდესაც ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვამარცხებთ რუსეთს – ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ განვამტკიცოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა , – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ოთხი ოპოზიციური პარტიის სირიის ახალი ხელისუფლებისადმი მიმართვის შესახებ.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები იმუშავებენ ყოველთვის ერთად.
„დიახ, როდესაც ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვამარცხებთ რუსეთს. ჩვენ დავამარცხეთ რუსეთის სტრასბურგში და ჩვენ დავამარცხებთ რუსებს აქ, საქართველოში, როდესაც დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს.
ჩვენ მივმართეთ ახალ ხელისუფლებას, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო ხალხის მხარდაჭერით გაეძევებინა ასადის ათწლეულის განმავლობაში გამეფებული სისხლიანი დიქტატურა, რაც არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რუსეთი მარცხდება ყველგან, რომ რუსეთი ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. რუსეთი დამარცხდა სირიაში, მოლდოვაში, რუმინეთში, აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში და აუცილებლად დამარცხდება საქართველოში.
ჩვენ, ასევე გვაქვს მუდმივ კონტაქტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ეს იქნება აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, თუ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ განვამტკიცოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა. ნაცვლად იმისა, რომ დღეს, ეს ანტიეროვნული, მტრის ინტერესში მომუშავე ხელისუფლება მუშაობდეს ქვეყნის ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე, ვხედავთ, რომ პირიქით, მათი არაღიარების პოლიტიკა ყოველდღიურად მტკიცდება და მძიმდება საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც რუსული, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელმაც არჩევნების ნაცვლად ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია საერთაშორისო აღიარება არ აქვს“ , – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
აღნიშნულის განცხადების გაკეთების შემდგომ, ბოკუჩავამ პატიმრების აუცილებლად გათავისუფლების შესახებაც ისაუბრა.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც 20 დღეა შიმშილობს, რომლის სახელმაც არაერთხელ გაიჟღერა სტრასბურგში და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, სხვა პოლიტპატიმართან ერთად, ეს იქნება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახალგაზრდები, რომელიც რეჟიმმა დაატყვევა მხოლოდ იმიტომ, რომ იცავენ ევროპულ მომავალს, თუ სხვები – თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ , -განაცხადა ბოკუჩავამ.
