თინა ბოკუჩავა – სუს-ის გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მზარდი რეიტინგი აქვს – არ დავუშვებ სუს-ის მიერ პარტიაში იმ ფილტრაციას, რომელიც ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, იყო, არის და იქნება სუს-ის მუდმივი სამიზნე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აქვს მზარდი რეიტინგი.
„პარტიაში სუს-ის ხელის ფათურის მცდელობის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ სუს-ის მიერ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ ფილტრაციას, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას. „ნაციონალური მოძრაობა“ შედგა, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის სწორი გააზრებით იხედება მხოლოდ და მხოლოდ წინ, ხვალინდელი, ნათელი, ევროპული დღისკენ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი პარტიის ყველაზე მებრძოლ, მართალ, ღირსეულ და გამორჩეულ ბირთვს – პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აქვს მზარდი რეიტინგი“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.