თინა ბოკუჩავა – საოკუპაციო რეჟიმების მხარეებად აღიარებას რუსეთი ცდილობს წლების განმავლობაში და ახლა გამოდის, თავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უმაღლესი ტრიბუნიდან კეთდება განცხადება, რასაც კრემლი ითხოვდა

ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმების მხარეებად აღიარება არის სწორედ ის, რასაც ცდილობს მთელი ამ წლების განმავლობაში და ახლა გამოდის, რომ თავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უმაღლესი ტრიბუნიდან კეთდება განცხადება, რასაც კრემლი წლების მანძილზე ითხოვდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს აპირებს საქართველოს მხრიდან სა და ცხინვალის რეგიონების მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას.
მისი თქმით, ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა და საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებაზე ხელის მოწერა.
„პრეზიდენტ სააკაშვილს ძალის არგამოყენების ვალდებულება უკვე აღებული აქვს ჯერ კიდევ 2011 წელს და, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პრეზიდენტის გაკეთებული ამგვარი განცხადება არის შემბოჭველი საერთაშორისო სამართალში. ამგვარი განაცხადი უკვე არსებობს საქართველოს მხრიდან. მოლაპარაკების მთავარი ამოცანა იყო, ძალის არგამოყენების ვალდებულება აეღო რუსულ მხარეს. ზოგადად, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში არსებობს ორი მხარე: საქართველო და რუსეთი. ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმების მხარეებად აღიარება არის სწორედ ის, რასაც რუსეთი ცდილობს მთელი ამ წლების განმავლობაში და ახლა გამოდის, რომ თავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უმაღლესი ტრიბუნიდან კეთდება განცხადება, რასაც კრემლი წლების მანძილზე ითხოვდა. ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა და საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებაზე ხელის მოწერა. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავტეხოთ განგაში და მოვახდინოთ საერთაშორისო საზოგადოების ალარმიზაცია იმისთვის, რომ ეს ღალატი არ დავუშვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის ის, რასაც რუსეთი ცდილობს მრავალი წელია და რომელსაც ახლა თავად ივანიშვილი და მისი მოღალატეობრივი ხელისუფლება ასრულებს საქართველოს სახელმწიფოს სახელით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.