საქართველოს პრეზიდენტთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების კონსულტაციები გრძელდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, პრეზიდენტი არის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი ქვეყანაში.
„პარტიები ვართ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებში პრეზიდენტთან, რომელიც არის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, მაშინ, როცა ყველა სხვა ინსტიტუტი მიტაცებულია. ამის მაგალითი ვნახე, მათ შორის სააპელაციო სასამართლოში ახლა, საიდანაც მოვდივარ, სადაც დიმიტრი გვრიტიშვილს არ ეყო პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების შინაგანი განცდაც კი, რომ აცილების შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სასამართლო, ყველა სხვა სახელმწიფო უწყება არის მიტაცებული, პრეზიდენტი არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი და შესაბამისად, როგორც დემოკრატიის ერთადერთი შუქურა ამ ქვეყანაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასთან ინტენსიური კონსულტაციები იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმოს, მათ შორის, მომავალი რამდენიმე კვირა, როცა უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.