თინა ბოკუჩავა – კანონპროექტი, რომელიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაცვას გულისხმობს“, ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ახალი ინიციატივა, რომელიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაცვას გულისხმობს“, ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
როგორც თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას.
„საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას აღელვებს გაზრდილი ფასები, სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა, ის, რომ პრაქტიკულად, ოჯახი არ არის დარჩენილი საქართველოში, საიდანაც ოჯახის წევრი ან წასული არ არის საზღვარგარეთ სამუშაოდ ან არ განიხილავს ამ პერსპექტივას სწორედ იმ უპერსპექტივობის, უმუშევრობისა და სიდუხჭირის გამო, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ის რეალური პრობლემები, რაზეც უნდა საუბრობდეს, ზრუნავდეს და რის გადაჭრასაც უნდა ცდილობდეს ივანიშვილის პარტია, მაგრამ ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ ამ უმნიშვნელოვანესი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას. გამარჯვების კოალიციისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარია ამ პრობლემების მოგვარება, საუბარი და ერთობლივად გზების მოძებნა იმისთვის, რომ ეს პრობლემები, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა დგას, გადაიჭრას.
პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას. ეკონომიკური რეფორმები, რომელიც გაწმენდს სისტემას კორუფციისგან და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მხოლოდ ივანიშვილის პარტიის ინტერესში კი არ მუშაობდეს ეკონომიკა, არამედ საქართველოს მოქალაქის ინტერესში. იზრუნონ პენსიების ზრდაზე, ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების პერსპექტივის გაჩენაზე. ნაცვლად ამისა, ისინი საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა