ახლა თითოეული მოქალაქე, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის, არის ივანიშვილის რეპრესიების სამიზნე, – ასე შეაფასა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა.
ბოკუჩავამ მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ ეს არის მცდელობა, ივანიშვილმა “ქვეყანა გადაისროლოს ბნელ 90-იან წლებში, სრულ განუკითხაობასა და ურთიერთდაპირისპირებაში“.
„მაშინ, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივით მეოთხე წელია პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება, როდესაც მეხუთე პრეზიდენტს დაკავებით ემუქრებიან, როდესაც არაერთი პოლიტიკური ლიდერი იხდიდა უკანონოდ მისჯილ სასჯელს და არაერთის წინააღმდეგ მიმდინარეობს კვლავ უკანონოდ აღძრული საქმეები, ცხადია, არც გახარია არ არის გამონაკლისი, მაგრამ აქ მთავარი არ არის კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები და მათი სახელები, ახლა თითოეული მოქალაქე, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის, არის ივანიშვილის რეპრესიების სამიზნე. ამიტომ, მნიშვნელოვანია თანაგრძნობა, სოლიდარობა და კონსოლიდაცია ივანიშვილის რუსული საფრთხის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ეს რუსული რეჟიმი დავამარცხოთ, ჩავატაროთ ახალი არჩევნები და ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე. რაც შეეხება გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ამ ძალადობას. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების და ძალადობის გამოვლინება ერთი კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, არამედ არის მცდელობა, ქვეყანა გადაისროლოს ივანიშვილმა ბნელ 90-იან წლებში, სრულ განუკითხაობაში, ურთიერთდაპირისპირებაში და ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი ერთიანობით, ბრძოლით და სიმტკიცით. აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები, რომ ქვეყანა ამ ქაოსიდან, ურთიერთდაპირისპირებიდან გამოვიყვანოთ და დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე”,-განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.