დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, საკრებულოს 378 წევრის სახელით, ჩვენ ვუთხრათ არა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ, მხოლოდ და მხოლოდ, თავისუფალი, სამართლიანი, ახალი საპარლამენტო არჩევნებისთის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალუირ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მზიურის პარკში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგმა დემოკრატიულმა პარტიამ ცდუნებას ვერ გაუძლო, თუმცა „ნაციონალუირ მოძრაობა“ 4 ოქტომბერსაც ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, გამარჯვება გადის პრინციპულობაზე და უკომპრომისობაზე.
„სამწუხაროდ, ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, მათ შორის დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისევე როგორც 13 წლის განმავლობაში, დღესაც, ხვალაც 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და აუცილებლად ასწევს გამარჯვების დროშას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში არის განცხადებები საერთაშორისო ასპარზეზზე, მათ შორის დღეს, განაცხადა, ევროპარლამენტმა, რომ ის არ აღიარებს ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ის არ ითანამშრომლებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან და ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს, ჩემთან ერთად არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები. ესენი არიან ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად ესმით ბრძოლის ბრძოლის ფასი, მათ შორის ბრძოლის ფასი სოფლებში, დაბებში, ქალაქებში საქართველოს ყველა წერტილში და რეგიონში. დიახ, სწორედ ეს გაუტეხელი ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა, ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის ძალისხმევის მიუხედავად, დღევანდელ დღემდე მოიტანეს და ხვალ, სწორედ ეს გუნდი, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ასწევს გამარჯვების დროშას. ეს გამარჯვება გადის პრინციპულობაზე, უკომპრომისობაზე, ბრძოლაზე, სწორედ ასე – ერთიანობით, უკომპრომისობით, პრინციპულობით, ჩვენ აუცილებლად ავწევთ გამარჯვების დროშას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
