„ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში, ბრიუსელში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
თინა ბოკუჩავა პარტიის საგარეო მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილთან და საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი ქავთარაძესთან ერთად ბრიუსელში, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეას ესწრება.
თინა ბოკუჩავას თქმით, ევროპაში საქართველოს საკითხი ძალიან მწვავედ დგას.
„ამ ძალიან მნიშვნელოვან შეკრებაზე, ასევე, დგას საქართველოს საკითხი ძალიან მწვავედ, რადგან დღეს ყველას ძალიან კარგად ესმის ევროკავშირში, რომ საქართველოს აქვს შანსი გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა და გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ამ შანსს საქართველო და ქართველი ხალხი ვერ გამოიყენებს. ამიტომ ყველას ესმის 26 ოქტომბრის არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მნიშვნელობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.