თინა ბოკუჩავა განმარტავს, რატომ დატოვა “ნაციონალურმა მოძრაობამ” სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არსებული „წინააღმდეგობის პლატფორმა“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, 31 მარტის აქციაზე, მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დაეტოვებინა.

კერძოდ, როგორც ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სიახლე ვერ გააჟღერა.

გარდა ამისა, ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილთან უკმაყოფილება იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი,  არ შეიწყალა.

„31 მარტის აქციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი აქცია იყო ამ თარიღის ისტორიულობიდან გამომდინარე, თუმცა იმ განაცხადის შემდეგ, რომელიც ს მხრიდან მოვისმინეთ, რომელმაც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებდით.

ყველაზე დიდი დისტანცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებობდა. რატომ? იმიტომ, რომ ერთმა პროევროპულმა პრეზიდენტმა, რომელმაც სცადა შეემაგრებინა საქართველოში ევროპის დროშა, როდესაც მას რუსები გვართმევენ, არ შეიწყალა მეორე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს ამასთან დაკავშირებით არანაირი ახსნა არ ჰქონდა, ეს იყო პირად გემოვნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ეს იყო მისი ექსკლუზიური უფლება, რომელსაც ვერ შეეცილებოდა და ვერ შეედავებოდა ვერავინ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, თუკი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმის ფარგლებში განცხადებას გააკეთებს, იქნება თუ არა ამ განცხადებაში მოაზრებული „ნაციონალური მოძრაობაც“, ბოკუჩავა ასე პასუხობს – „არა, რადგან ჩვენ იქ არ ვდგავართ“.

ამასთან, ბოკუჩავამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე და იქ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მისვლაზე ისაუბრა.

ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არსებულ პლატფორმაზე 4 ოპოზიციური პარტია ერთსულოვნად შეთანხმდა, რომ კომისიაში არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამოცხადებულიყო, რაც გიორგი გახარიამ დაარღვია, „რითაც ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არანაირი კოორდინაცია არ არსებობს“.

„თითქმის, ხუთი თვის განმავლობაში ნაწილი ვიყავი იმ ფორმატის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ იკრიბებოდა. შიდა პოლიტიკურ ნაწილში ერთადერთი გადაწყვეტილება, რაზეც პოლიტიკური პარტიები შევჯერდით იყო ის, რომ არცერთი პოლიტიკოსი არ უნდა მისულიყო წულუკიანის ღალატის კომისიაზე და ეს შეთანხმებაც დაარღვია გიორგი გახარიამ. ამით ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სინამდვილეში არანაირი კოორდინაცია არ არსებობს“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, ნამდვილი ოპოზიციაა თუ არა, პარტია „გახარია საქართველოს“ ლიდერის მოქმედებები აჩვენებს.

„ჩემი აზრით, განსაკუთრებულად კომიკურად ჟღერს, მთავარ ოპოზიციონერ პარტიად პრეტენზია ადამიანისგან, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ რუსულ რეჟიმს ემსახურებოდა და რუსული რეჟიმის სახელით არბევდა პირველ ანტისაოკუპაციო აქციას და სერგეი გავრილოვის დასაცავად მის მიერ დაგეშილი დაცვის წევრები ხელებს გვიგრეხდნენ და დაზიანებას გვაყენებდნენ სხეულზე.

ნამდვილი ოპოზიციაა თუ არა, ამას მისი მოქმედებები გვაჩვენებს. მის განზრახვებზე და მის სურვილებზე კითხვის ნიშნებს ბადებს, როდესაც დიდ დროს უთმობს მთავარი ოპოზიციური ძალის უსამართლო კრიტიკას და მასთან დაპირისპირებას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა გახარიას მიერ კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ მან მთავარ კითხვაზე პასუხიც კი ვერ გასცა.

„ზოგიერთების შეფასება იყო, რომ სწორედ იმიტომ გამოცხადდა, რომ ჰქონდა შიში იმისა, რომ შემდგომ დაეკავებინათ. ერთადერთი კითხვა, რაც სინამდვილეში არსებობდა – „ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს“. ჯერ თქვა, რომ დიახ, მე გავეცი ბრძანებაო, მაგრამ იქ [პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე] რომ მივიდა, თქვა რომ, კი მე გავეცი ბრძანება წყლის ჭავლის და გაზის ნაწილში და არა ტყვიების ნაწილში. ეს რა პასუხი იყო? თავადვე უარყო ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ამტკიცებდა „სუპერ ძალოვანი“ მინისტრის იმიჯის შესაქმნელად“,- განაცხადა ბოკუჩავამ.